რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელშიც წერს, რომ 2026 წლის ივლისში მამუკა მდინარაძისგან მოულოდნელად მიიღო წერილი, რომელიც მისთვის "წითელი ხაზი" აღმოჩნდა. ღარიბაშვილი წერს, რომ წერილში მას კორუფციული დანაშაულის აღიარებასა და პოლიტიკიდან წასვლას სთხოვდნენ.

მდინარაძე აცხადებს, რომ სწორი არ იქნება "პატიმრობაში მყოფ კაცზე შეტევა". ღარიბაშვილის წერილის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ამბობს, რომ "ბრალდებებისთვის მზად არიან, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და კორუფციის ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დაიხევენ უკან".

"მიზნებზე არ ვისაუბრებ. შევიკავებ ამისგან თავს. პატიმრობაშია კაცი და მე ვფიქრობ, რომ აი, ამ ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე შემდეგ გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, აბსოლუტური გულწრფელობით.
როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისათვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც იყო, არის და იქნება.

თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც რაღაც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ.

მინდა შემთხვევითაც ვისარგებლო და ასევე ველაპარაკო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული, დანაშაულებრივი შედეგი იყო და დღეს, სამწუხაროდ, მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი — ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, ზოგან გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდ არის და მინდა გავაფრთხილო ყველა, აბსოლუტურად.

ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რაღაც უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ — ეს ყველას არ ეხება, ბუნებრივია — ყველას ვაფრთხილებ, რომ ისინი მარტივად და ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ და დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული და არ ვაპირებ, არც მე და ხელისუფლების არც სხვა წარმომადგენელი, რომ შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დაწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე.

ესეც ერთგვარი კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია ეს ბრალდებები არ იყოს რეალური და ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც, და კორუფციის ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან...

მოდი, აღარ დავაკონკრეტებ. როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე და აბსურდულ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზანშეწონილობაზე მე შევეცდები, რომ დღეს არ ვისაუბრო, გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი. მოდი ასე იყოს", — ამბობს მდინარაძე.

ირაკლი ღარიბაშილის მიერ ციხიდან გამოგზვანილი წერილების შესახებ წაიკითხეთ აქ:

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტის გავრცელებულ წერილში ექსპრემიერმა მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას დააკისრა.

18 აგვისტოს გამართულ ბირფინგზე პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ არ იცის რაზეა საუბარი ღარიბაშვილის წერილში. რაც შეეხება ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას, პრემიერის თქმით, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია, ეს "სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა".

მეტი ღარიბაშვილის წერილებზე წაიკითხეთ აქ: