დამასკოს სასამართლომ სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის, ბიძაშვილს, ვასიმ ასადს, სიკვდილი მიუსაჯა. სასამართლომ ის სამხედრო დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ცნო დამნაშავედ. ინფორმაციას DW ავრცელებს.

სასამართლოს დასკვნით, სამოქალაქო ომის დროს ვასიმ ასადმა შექმნა ორი შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებიც ბაშარ ასადის მხარეს იბრძოდა და დამასკოს შემოგარენში სასიკვდილო თავდასხმებში მონაწილეობდა. ის ასევე დამნაშავედ ცნეს სამოქალაქო ომის წაქეზებაში, ადამიანების უკანონო დაკავებასა და წამებაში.

46 წლის ვასიმ ასადის წინააღმდეგ წარდგენილი სხვა ბრალდებები — კონტრაბანდასა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებით — მტკიცებულებების სიმცირის გამო მოიხსნა. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში საქმის განხილვა შეიძლება განახლდეს.

ბაშარ ასადის ბიძაშვილი 2025 წელს, ლიბანის საზღვართან ახლოს დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს ეკავა მაღალი სახელმწიფო თანამდებობა, აშშ-მა ის სანქციების სიაში შეიყვანა, როგორც გასამხედროებული დაჯგუფების ლიდერი და სირიის ნარკოტრაფიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა.

სამოქალაქო ომის პერიოდში ვასიმ ასადი სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს ძვირადღირებული ავტომობილებით, სამხედრო ფორმითა და იარაღით. რამდენიმე ფოტოზე ის შეიარაღებულ პირებთან ერთად იყო გამოსახული და მათ ბაშარ ასადის მხარდასაჭერად ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

დამასკოს სასამართლომ 11 აგვისტოს ბაშარ ასადსაც დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს "ერთზე მეტი ადამიანის, მათ შორის ბავშვების, განზრახ მკვლელობაში, წამებაში, უკანონო დაკავებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში".

ეს ბაშარ ასადის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ამბოხებულებმა მისი რეჟიმი დაამხეს, თავად კი მოსკოვში გაიქცა.

სიკვდილი მიუსაჯეს მის კიდევ ერთ ბიძაშვილს, ატეფ ნაჯიბსაც. ასადის მმართველობის დროს ის ქვეყნის სამხრეთში, დარაას პროვინციაში, პოლიტიკური უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელი იყო. ამავე განაჩენით სიკვდილით დასჯა ბაშარ ასადის კიდევ შვიდ თანამოაზრეს, მათ შორის მის უმცროს ძმას, მაჰერ ასადსაც, დაუსწრებლად მიესაჯა.