განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და საჯარო ბოდიშს ითხოვს. მის კომენტარის სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

"გურიის მოამბემ" დაწერა, რომ გივი მიქანაძე სოფელ არჩეულში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს. მინისტრი ამბობს, რომ "მიწა, რომელიც მან შეიძინა, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა". იმ შემთხვევაში, თუ "გურიის მოამბე" ბოდიშს არ მოიხდის, გივი მიქანაძე სასამართლოს მიმართავს.

"ეს არის მორიგი იაფფასიანი დეზინფორმაცია და კონკრეტული პირები, რომლებიც ამას ავრცელებენ, პირდაპირ გეტყვით, რომ სიცრუეს ტირაჟირებენ. მიწა, რომელიც მე შევიძინე ორ ეტაპად, ეს შეძენა განხორციელდა სახელმწიფო აუქციონის მეშვეობით, საჯარო აუქციონით. მიწის ფასი განისაზღვრა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ დადგენილი ფასიდან გამომდინარე და ყველა პროცედურა იქნა კანონის ფარგლებში დაცული. მიწის საერთო მოცულობა 1000 კვადრატულ მეტრსაც არ აღემატება. ამის შემდეგ ჩემს მიერ იქნა მომზადებული სამშენებლო პროექტი, რომელიც წარედგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პროექტი დამტკიცდა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო იქ ხის კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები ჩემს საგვარეულო სოფელში, სადაც მარტივი ამბავია, ნებისმიერ ქართველ ადამიანს, ალბათ, აქვს სურვილი, რომ თავის საგვარეულო ადგილ-მამულში რაღაცა, ასე ვთქვათ, ფუძე ჰქონდეს. და შესაბამისად, მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა, არაფერი იქ არ არსებობდა. ამიტომ მე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიცრუეს ტირაჟირებენ, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ. სხვა შემთხვევაში, კანონის ფარგლებში მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა და აი ამ ტყუილის აღიარება", — ამბობს მიქანაძე.

"გურიის მოამბემ" 18 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის "გივი მიქანაძემ საკუთარი სახლის მშენებლობა საბავშვო ბაღში დაიწყო".