"ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც ერეკლე მეფესა და გეორგიევსკი ტრაქტატს მიუძღვნა. მათიკაშვილი ამბობს, რომ "ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური და ბრძნული ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ და ქართველმა ხალხმა ფიზიკური გადარჩენა შეძლო".

"ერთმორწმუნე სახელმწიფოსთან, რა თქმა უნდა, იმპერიასთან, მაგრამ სხვა მოცემულობის არქონის პირობებში, დასავლეთისკენ ერთადერთ გზად დარჩენილ ქვეყანასთან, ერეკლე II-მ გააფორმა სწორედ ის ჭკვიანური და ბრძნული ტრაქტატი, რომლითაც, საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი ნეგატიური საბოლოო შედეგის მიუხედავად, საქართველომ და ქართველმა ხალხმა ფიზიკური გადარჩენა შეძლო. აქ ერეკლე მეფის გენიალურობა სახეზეა. ხოლო ყველა, ვინც ცდილობს ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და გარემოება ჩვენს ისტორიაში გააუქმოს, გააუბრალოოს, ან ერეკლეს რაღაც ისეთი რამ დააბრალოს, ჩვენს მეფეს, სინამდვილეში რაც არ მომხდარა, უბრალოდ ქვეყნის მტერია, ან არ იცის ისტორია, ან წარმოდგენა არა აქვს იმაზე, საქართველოს რა გამოწვევების წინაშე უხდებოდა გამკლავება, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდა ჩვენი მეფე", — განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა. კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს.