საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, დღეიდან პირველკლასელთათვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო. მშობლებს ფორმების შეძენას პირველიდან 14 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ. მისივე თქმით, მომავალი კვირიდან ონლაინპლატფორმა ამოქმედდება, საიდანაც მშობლები ფორმებს ონლაინ შეიძენენ.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სულ მცირე, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს, შეიძინოს. სარეალიზაციო პუნქტების შესახებ მომავალი კვირიდან უკვე საზოგადოებისთვის საჯარო გახდება ინფორმაცია, რათა მოემზადონ და პირველი სექტემბრიდან უკვე იცოდნენ, სად უნდა მოხდეს ფორმების შეძენა.

საცალო ვაჭრობის გადახდისას თუ ონლაინ შეძენისას სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო ქეშბექ პოლიტიკა, რომელზეც ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენებთ ამ ფორმების სარეალიზაციო ფასს. გოგონასი თუ ბიჭის პიჯაკის ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის, ასევე, ქვედაკაბის სარეალიზაციო ფასი, თითოეულის – 25 ლარი. ამ ფასში შედის როგორც დამზადების, ასევე ტრანსპორტირების, ლოგისტიკის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აქ არ არის გათვალისწინებული არანაირი მოგება", — განაცხადა გივი მიქანაძემ.