აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის ქართველებისთვის, საიმიგრაციო ვიზების გაცემის აკრძალვა გააუქმა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მოსამართლემ დაადგინა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება "კანონს ეწინააღმდეგებოდა" და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა.

მიმდინარე წლის იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტმა საიმიგრაციო ვიზების გაცემა მსოფლიოს ქვეყნების თითქმის 40%-ს — მათ შორის, საქართველოს, რუსეთის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ეგვიპტის, ჰაიტისა და სომალის, შეაჩერა. უწყების განცხადებით, ეს ნაბიჯი იმ პირთა შემოსვლის აღსაკვეთად გადაიდგა, რომლებიც "სოციალურ დახმარებასა და სახელმწიფო შეღავათებს გამოიყენებდნენ".

მანჰეტენის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე ჯენეტ ვარგასმა ეჭვქვეშ დააყენა სახელმწიფო დეპარტამენტის არგუმენტაცია და გააუქმა ყველა ის უარი ვიზაზე, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკას ეფუძნებოდა.

მოქმედი კანონმდებლობით, იმიგრანტს ვიზაზე უარი, როგორც სავარაუდო "სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ პირს" (Public Charge — ვინც, სავარაუდოდ, მთავრობის დახმარებაზე იქნება დამოკიდებული), მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ეთქვას, რაც საკონსულო მოხელე შეაფასებს მის პირად ფინანსებს, ასაკს, ჯანმრთელობას, კვალიფიკაციასა და ოჯახურ მდგომარეობას.

მოსამართლე ვარგასმა დაადგინა, რომ პრაქტიკაში ამერიკელ მოხელეებს ეძლეოდათ მითითება, უარი ეთქვათ განაცხადებზე — მათ შორის იმ პირებისთვისაც, ვისაც საკუთარი თავის რჩენა შეეძლო — მხოლოდ მათი ქვეყნის გამო.

ვიზების აკრძალვამ შეაჩერა მუდმივი ცხოვრების უფლებით (საიმიგრაციო) ვიზების გაცემა იმ პირებისთვის, რომლებიც აშშ-ში ოჯახის წევრებთან შეერთებას ან დასაქმებას გეგმავდნენ. თუმცა, შეზღუდვა არ შეხებია არასაიმიგრაციო — მაგალითად, ტურისტულ ან სტუდენტურ ვიზებს.

მარკო რუბიოს მიერ ყველა დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობისთვის გაგზავნილი დირექტივა (რომელიც საქმის მასალებს დაერთო) ავალდებულებდა მოხელეებს, უარი ეთქვათ აპლიკანტებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს "მოჰყავდა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ იგი არ გახდებოდა სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი".

უარი იმ განაცხადებზე, რომლებიც სხვა სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობოდა, ძალაში რჩება. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი უარყოფილი განაცხადი გადაიხედება.

მოსარჩელეთა შორის იყვნენ აშშ-ის ექვსი მოქალაქე, რომლებმაც განაცხადები ოჯახის წევრების გამო შეიტანეს. მათი თქმით, აკრძალვამ ხელი შეუშალა მათ ნათესავებს განაში, იამაიკაში, გვატემალასა და ეთიოპიაში ვიზების მიღებაში. საქმეში ასევე მონაწილეობდა კოლუმბიის ხუთი მოქალაქე, რომლებიც სამუშაო ვიზებს ითხოვდნენ.

ტრამპის ადმინისტრაციამ მხოლოდ ერთ, შედარებით ვიწრო საკითხში მიაღწია წარმატებას: მოსამართლე დაეთანხმა არგუმენტს, რომ ეს პოლიტიკა არ წარმოადგენდა იმ ტიპის ოფიციალურ რეგულაციას, რომელიც ამოქმედებამდე საჯარო განხილვაზე უნდა გამოტანილიყო.

მოსამართლე ვარგასმა, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დანიშნა, მხარეებს 11 სექტემბრამდე მისცა ვადა საქმის დარჩენილი საკითხების მოგვარების გზების წარსადგენად. ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

75 ქვეყნის უმეტესობა, რომლებსაც შეზღუდვა ჰქონდათ, არაევროპულია. ეს სიები მოიცავს კარიბის ზღვის აუზის, სუბსაჰარული აფრიკის, ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს. მათ შორის არის აშშ-ის რამდენიმე პარტნიორი სახელმწიფოც, მაგალითად: საქართველო, იორდანია და ეგვიპტე. სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს სია ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა და ამოიღო ის ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში წასული იმიგრანტების ოჯახების 30%-ზე მეტი სახელმწიფო დახმარებას იღებდა.