ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიასთან მოქმედ ორ გამშვებ პუნქტზე სამუშაო საათებს გაზრდის და ახალგორისა (ლენინგორის) და ჯავის (ძაუს) რაიონების ზოგიერთი სოფლის მცხოვრებთა ახლო ნათესავებისთვის შესვლის წესებს გაამარტივებს. ინფორმაციას OC Media ავრცელებს.

თუ ცვლილებები ამოქმედდება, ეს ბოლო წლების განმავლობაში ახალგორის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის გადაადგილების შეზღუდვების ყველაზე მნიშვნელოვანი შემსუბუქება იქნება. გადაწყვეტილება 18 სექტემბერს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოცხადდა.

რა იცვლება?

შეზღუდვები 2019 წელს დაწესდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩორჩანასთან, ჩორჩანასა და ცხინვალის მიერ კონტროლირებულ წნელისს (უისტას) შორის მდებარე ტყიან ბუფერულ ზონაში პოლიციის საგუშაგო მოაწყო. ამის საპასუხოდ, ცხინვალმა ჩორჩანის საგუშაგოს მოხსნა მოითხოვა და წნელისში საკუთარი საგუშაგოს გახსნის გეგმა გამოაცხადა.

ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მარატ კამბოლოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება მოსახლეობის არაერთ თხოვნას უკავშირდება — მისი თქმით, შეხვედრებზე ადამიანები მუდმივად საუბრობდნენ გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.

აქამდე ახალგორის მცხოვრებლებს გამშვები პუნქტებით სარგებლობა მხოლოდ ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლოთ.

ახალი წესით:

რაზდახანის (ოძისის) გამშვები პუნქტი იმუშავებს კვირაში ოთხ დღეს — ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას, 08:00-18:00 საათებში;

პერევის გამშვები პუნქტი კი კვირაში სამ დღეს — სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, ასევე 08:00-18:00 საათებში.

კამბოლოვის თქმით, ახალგორისა და ჯავის რაიონების ზოგიერთი სოფლის მცხოვრებთა ახლო ნათესავებისთვის გამარტივდება "შესვლისა და დროებითი ყოფნის წესებიც". ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მთავრობა შესაბამის დადგენილებას მიიღებს.