პრინცი ჰარის მეუღლე, სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი, შესაძლოა, სამსახიობო კარიერას თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ დაჰბრუნებოდა. თუმცა, ეკრანებზე მისი შესაძლო დაბრუნება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გავრცელებული ინფორმაციით, მეგან მარკლი Netflix-ის სერიალის — The Gentlemen — მესამე სეზონში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

The Gentlemen გაი რიჩის 2019 წლის ამავე სახელწოდების კრიმინალური კომედიის მიხედვით შექმნილი სერიალია. მის მეორე სეზონში მთავარ როლებს თეო ჯეიმსი და კაია სკოდელარიო ასრულებენ, პრემიერა კი 3 სექტემბერსაა დაგეგმილი. სერიალის მესამე სეზონი ოფიციალურად ჯერ არ დაუმტკიცებიათ.

კადრი სერიალიდან The Gentlemen.

ფოტო: Miramax Television

მეგან მარკლს სწორედ The Gentlemen-ის მესამე სეზონში უნდა მიეღო მონაწილეობა. ამ ამბავს დიდ ბრიტანეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. Vanity Fair-ისა და New York Magazine-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა და სამეფო ოჯახზე ორი წიგნის ავტორმა, ტინა ბრაუნმა, განაცხადა, რომ მეგან მარკლმა The Gentlemen-ის მესამე სეზონში, შესაძლოა, მონაწილეობა აღარ მიიღოს. მისი თქმით, ბრიტანეთში გამოწვეული უარყოფითი რეაქცია იმდენად ძლიერი იყო, რომ პროექტის გაგრძელება ამ ფორმით უკვე შეუძლებელი გახდა.

მიუხედავად ამისა, Netflix-ს, მეგან მარკლსა და გაი რიჩის გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

პატრიკ ჯეი ადამსი და მეგან მარკლი სერიალში Suits.

ფოტო: Untitled Korsh Company

მეგან მარკლმა სამსახიობო კარიერა 2017 წელს დაასრულა, მას შემდეგ, რაც პრინც ჰარიზე დაინიშნა. მანამდე კი განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ Suits-ში რეიჩელ ზეინის როლით მოიპოვა, რომელსაც ის შვიდი სეზონის განმავლობაში ასრულებდა.