უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინისთვის 6.1 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი თავდაცვითი შესყიდვების პაკეტი დაამტკიცა. დაფინანსება საჰაერო და საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებს, საბრძოლო მასალასა და რადიოლოკაციურ სადგურებს (რადარებს) ითვალისწინებს. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

ეს დაფინანსება უკრაინის მხარდაჭერის 90-მილიარდიანი სესხის (UASL) ნაწილია. ევროკომისიის ცნობით, გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმების ესკალაციას უკავშირდება — მხოლოდ ივლისში უკრაინის მიმართულებით 376 სარაკეტო დარტყმა დაფიქსირდა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, უკვე დამტკიცებულ 16 მილიარდი ევროს შესყიდვების გეგმას კიდევ ერთი პაკეტი დაემატა (საიდანაც 8.35 მილიარდი ევრო უკვე გაცემულია). შესყიდვების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის თავდაცვის კომპანიებიდან განხორციელდება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა შეურყეველი და კონკრეტულია. მისივე თქმით, ევროპა უკრაინას მიაწვდის ყველაფერს, რაც დასჭირდებათ და როდესაც დასჭირდებათ.

"უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა ამტკიცებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა შეურყეველი და კონკრეტულია. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევრო საჰაერო და საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალისა და რადარებისთვის, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ამძლავრებს თავდასხმებს, ჩვენ ვაძლიერებთ დახმარებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავისი ხალხის დაცვასა და ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ევროპა დგას უკრაინის გვერდით და ჩვენ მივაწვდით მას ყველაფერს, რაც სჭირდება და მაშინ, როდესაც დასჭირდება", — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისარმა თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ 90-მილიარდიანი სესხის მეშვეობით უკრაინას საშუალებას აძლევენ შეიძინოს რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

"მხოლოდ გასულ თვეში უკრაინამ 376 სარაკეტო დარტყმა განიცადა. ამ დაუნდობელი საფრთხის პირისპირ, ევროკავშირი იღებს კონკრეტულ ზომებს. უკრაინის მხარდაჭერის 90-მილიარდიანი სესხის მეშვეობით, ჩვენ საშუალებას ვაძლევთ უკრაინას შეიძინოს რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც მას სასწრაფოდ სჭირდება საკუთარი ხალხის დასაცავად და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად", — განაცხადა ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

UASL-ის ფარგლებში 2026-2027 წლებში სულ გამოყოფილია 30 მილიარდი ევრო საბიუჯეტო დახმარებისთვის და 60 მილიარდი ევრო თავდაცვის სექტორისთვის (მათ შორის 28.3 მილიარდი ევრო 2026 წელს უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიული პოტენციალის გასაძლიერებლად).