მუნიციპალური განვითარების ფონდი სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა, რეალობას არ შეესაბამება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2 261 583,96 ლარის საერთო ღირებულებიდან კონტრაქტორ კომპანია "დიკა 2010-სთვის" ჩარიცხულია მხოლოდ 148 894,10 ლარი. აღნიშნული თანხა შენობის შიდა და გარე მოპირკეთების დემონტაჟის სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ("ესიდა") გაუქმების შემდეგ, რომლის ლიკვიდაცია 2025 წლის 1 სექტემბრიდან განხორციელდა, პროექტის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადაიბარა.

"ობიექტის მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემის შემდეგ დაიწყო პროექტისა და შენობის არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ საწყისი საკონსტრუქციო პროექტი ხარვეზებს შეიცავდა.

ამჟამად, ფონდის მოთხოვნით, მიმდინარეობს დამატებითი სიღრმისეული კვლევა, მათ შორის გეოლოგიური კვლევა და შენობის ავარიულობის კატეგორიის დადგენა. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ასევე ამუშავებს განაცხადს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მიზნით.

ამ ეტაპზე სნოს საჯარო სკოლის არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

სნოს სკოლასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა როგორც ადგილზე, სნოში, ისე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. საბოლოო გადაწყვეტილება კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე იქნება მიღებული.

საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების უსაფრთხოებას, შენობის ისტორიულ მნიშვნელობასა და ხარისხის ყველა შესაბამის სტანდარტს.

სამუშაოები განახლდება მას შემდეგ, რაც სპეციალისტების დასკვნებზე დაფუძნებული, უსაფრთხო და ტექნიკურად გამართული გადაწყვეტილება იქნება მიღებული", — წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სნოს ისტორიული საჯარო სკოლა 1903 წლიდან არსებობს და სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.