აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავი მიულოცა. მან უკრაინის პრეზიდენტს მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე გამოაქვეყნა.

აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, აღფრთოვანებას გამოხატავს უკრაინელი ხალხის სიმტკიცისა და მსხვერპლის მიმართ და მოუწოდებს მხარეებს, გამოიყენონ ეს მომენტი ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და კონფლიქტის დასასრულებლად.

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო:

ამერიკელი ხალხის სახელით გილოცავთ თქვენ და უკრაინის მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს. 24 აგვისტო 35-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე დაფუძნებული ჩვენი მტკიცე მეგობრობის აღნიშვნის დღეა — კავშირისა, რომელიც უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.

მამაცი, გულადი და ნიჭიერი ხალხის წყალობით, თქვენ დიდი ქვეყანა ააშენეთ. როდესაც ამ მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავთ, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით, პატივს სცემს თქვენს მსხვერპლს და დარწმუნებულია თქვენს მომავალში, როგორც სუვერენული და კეთილდღეობის მქონე ერის.

გამოვიყენოთ ეს მომენტი კონფლიქტის დასასრულებლად და შევქმნათ მტკიცე, ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც უკრაინის უზარმაზარ პოტენციალს მომავალი თაობებისთვის გაათავისუფლებს.

პატივისცემით,

დონალდ ჯ. ტრამპი", — აღნიშნულია წერილში.

საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხსა და პრეზიდენტ ტრამპს მხარდაჭერისთვის. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პარტნიორობა და Patriot PAC-3-ის სისტემების მიწოდება უკრაინას აძლევს იმედს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული თავდასხმებისგან დაცული იქნება და ქვეყანა ღირსეულ მშვიდობას მიაღწევს.

"ეს სიტყვები, ისევე როგორც Patriot PAC-3-ის გაშვების ხმა, გვამაღლებს და გვაძლევს იმედს, რომ ადამიანთა სიცოცხლეები დაცული იქნება რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან და მიიღწევა ღირსეული მშვიდობა. გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ, და გმადლობთ ყველა ამერიკელს მხარდაჭერისა და მოლოცვისთვის!", — დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.