"სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და მათთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება თავად საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამება", — ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა განაცხადა.

"საქართველო ჯერ-ჯერობით არ აღიარებს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ორ ახალ სახელმწიფოსთან ურთიერთობების აღიარება და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება მისი ინტერესებისთვისაც არის სასარგებლო", — განაცხადა ჯიოევმა.

მისივე თქმით, ქართული მხარის მხრიდან, დროდადრო დეკლარირებული მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად, ამჟამად საპირისპირო რიტორიკა ისმის, რომელსაც ხშირად პროვოკაციული ელფერი აქვს.

"სამხრეთ ოსეთისთვის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს უარის ფონზე, ხელი მოაწეროს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ.

აშკარაა, რომ ქართული მხარის ასეთი პოზიცია რეგიონში ნდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ხელს არ უწყობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში თანასწორი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მომხრე ვართ და ვცდილობთ, საერთაშორისო დისკუსიებმა კონკრეტული და ეფექტიანი შედეგები მოიტანოს.

დარწმუნებული ვართ, რომ ყველა დაინტერესებული მხარის ღია და კონსტრუქციული მიდგომა არსებული გამოწვევების გადასაჭრელად და ახალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტია“, — განაცხადა მინისტრმა.

დღეს, 26 აგვისტოს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-18 წლისთავს აღნიშნავს.