სირცხვილის მსგავსი შეგრძნება შენც გაგჩენია, დიდხნიანი ძებნის, ინტერნეტის თავდაყირა დაყენების, რამდენიმე ათეული თრეილერის და მაგდენივე ანოტაციის წაკითხვის შემდეგ, მაინც ის ერთი, საყვარელი და თან ამოჩემებული სერიალი რომ ჩაგირთავს მეათედ?

ისე, ცოტა სასაცილო ამბავს მართლა წააგავს — ამხელა არჩევანი გაქვს და მაინც იმ ეპიზოდს და სიუჟეტს არჩევ, რომელშიც წინასწარ იცი, ვინ რას იტყვის.

არადა, არც სასაცილოა მაგაში რამე და მით უმეტეს, არც სასირცხვილო.

არჩევანი შრომაა. სანამ ახალ სერიალს ჩართავ, უნდა გაერკვე, ვინ ვინ არის, რა ურთიერთობაა მათ შორის, რომელი დეტალი აღმოჩნდება მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი მაშინაც კი გაცლის რესურსს, როცა პროცესი სასიამოვნოა. განსაკუთრებით იმ დღეებში, ისედაც უამრავი გადაწყვეტილების მიღება რომ გიწევს.

ფოტო: Pinterest

ნაცნობი ეპიზოდის მორიგ ჯერზე ყურება კი შენგან არაფერს ითხოვს — ზუსტად იცი, რა ემოცია გჭირდება კონკრეტულ მომენტში და ზუსტად იცი, რომელი სერიალი მოგცემს მას.

ისე, ამ ამბავს კიდევ ერთი ახსნაც აქვს — ნაცნობ სამყაროში დაბრუნების სიამოვნება. ძველი და საყვარელი პერსონაჟები ცოტა ხნით სხვა რეალურ ინტერაქციებს გინაცვლებენ — მათთან ისე ისვენებ, როგორც ძველ მეგობრებთან, ოღონდ იმ რისკის გარეშე, რომ ვინმემ გაგაღიზიანოს, რამე მოგთხოვოს ან ცუდ ხასიათზე დაგხვდეს — თითქოს, ამ ურთიერთობის ყველა წესი წინასწარ იცი.

ამიტომაც არის, რომ ამ საყვარელ ეპიზოდებს თითქოს აღარც უყურებ — ფონზე გაქვს ჩართული, ოთახში დადიხარ, ცალი თვალით ტელეფონში იყურები და მაინც ზუსტად იცი, რომელ წუთზე რა ხდება.

ჰოდა, თუ ვინმე გეტყვის, რომ დროს ფუჭად ხარჯავ, გაითვალისწინე — იმ საღამოს, სავარაუდოდ, სხვა არაფრის რესურსი არ გქონდა.

ამიტომ, ისევ ჩართე!