30 აგვისტოს ღამით, რუსეთის ფედერალური ავტომაგისტრალ "კავკაზის" მე-3 კილომეტრზე, საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი "კამაზს" შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა.

რუსეთის სამთავრობო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ავტობუსის მგზავრების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეები არიან.

რუსული მედია წერს, რომ ავტობუსში, რომელიც სტავროპოლის მხარეში, ფედერალურ ავტომაგისტრალზე ავარიაში მოყვა, თითქმის 50 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ბავშვები არ არიან.

"წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში, ორი მძღოლის ჩათვლით, სულ 47 ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა ექვსი ადამიანი — ყველა ზრდასრული. პიატიგორსკის ცენტრალურ საქალაქო საავადმყოფოში 41 ადამიანი გადაიყვანეს", — განაცხადა სააგენტოს წყარომ.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწემ, ალექსეი კუზნეცოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰოსპიტალიზაცია 26 დაშავებულს დასჭირდა, მათ შორის ცხრა ბავშვს. ორი ზრდასრული და ორი ბავშვი მძიმე მდგომარეობაში არიან. დანარჩენ დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით — უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო მომსახურების გაწევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა — და 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით — საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სტავროპოლის მხარის პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობა და შედეგები პროკურატურის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.

საქართველოს საგარეო უწყების განმარტება:

მომხდარის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო უწყებამ 31 აგვისტოს გაავრცელა. მათი ცნობით, საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა.

"რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი–მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით", — აცხადებს საგარეო უწყება.