"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, თამთა მიქელაძე თბილისი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალებას ეხმაურება. მისი თქმით, "ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება უნდა სათანადოდ გამოირიცხოს".

"დღეს გავიგეთ, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ძალიან მძიმე ამბავია და ძალიან ვწუხვარ. დაურს ვიცნობდი და ახალი ცხოვრების დაწყების დიდი სურვილი და ენერგია ჰქონდა.

არსებითია, რომ გამოძიებამ დროულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მომხდარის შესახებ და ნიუანსურად შეისწავლოს გარდაცვალების მიზეზი.

როგორც ვიცი, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება უნდა სათანადოდ გამოირიცხოს. ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და მეგობრების მწუხარებას", — წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

თბილისში 30 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. დაურ ბუავა 2021 წლის შემოდგომიდან თბილისში ცხოვრობს, 2022 წელს კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში მისი მთავარი გზავნილი ქართველებისა და აფხაზების შერიგება და მშვიდობიანი ურთიერთობა იყო. ის აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ემხრობოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ "აფხაზისთვის ქართველზე ახლობელი არავინაა".