აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტების საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა და თავი ქვეყნის ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად შეაფასა.

ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აშშ-ის პრეზიდენტები ექვს კატეგორიად არიან დაყოფილი, ესენია — "უდიდესები", "დიდები", "თითქმის დიდები", "საშუალოები", "საშუალოზე დაბლები" და "წარუმატებლები".

"უდიდესების" კატეგორიაში მხოლოდ დონალდ ტრამპია.

"დიდ პრეზიდენტებად" ტრამპი აბრაამ ლინკოლნს, ჯორჯ ვაშინგტონს, ფრანკლინ რუზველტს, ვუდრო უილსონს, თომას ჯეფერსონსა და ენდრიუ ჯექსონს მიიჩნევს.

"თითქმის დიდების" კატეგორიაში არიან თეოდორ რუზველტი, გროვერ კლივლენდი, ჯონ ადამსი და ჯეიმს პოლკი.

"საშუალო" პრეზიდენტებად ტრამპმა ბილ კლინტონი, ჯონ ქუინსი ადამსი, ჯეიმს მონრო, რეზერფორდ ბ. ჰეისი, ჯეიმს მედისონი, მარტინ ვან ბურენი, უილიამ ჰოვარდ ტაფტი, ჩესტერ ა. არტური, უილიამ მაკკინლი, ენდრიუ ჯონსონი, ჰერბერტ ჰუვერი და ბენჯამინ ჰარისონი დაასახელა.

"საშუალოზე დაბლების" კატეგორიაში მოხვდნენ ჯონ ტაილერი, კალვინ კულიჯი, მილარდ ფილმორი, ზაქარი ტეილორი, ჯეიმს ბიუკენენი და ფრანკლინ პირსი.

ყველაზე დაბალ, "წარუმატებლების" კატეგორიაში კი ტრამპმა ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ულისეს ს. გრანტი, უორენ გ. ჰარდინგი და ჯიმი კარტერი შეიყვანა.

სიაში ქვეყნის ისტორიაში მოღვაწე ყველა პრეზიდენტი არ არის წარმოდგენილი. მაგალითად, ტრამპმა რეიტინგში არ შეიყვანა და საკუთარ თავს არ შეადარა რესპუბლიკელი პრეზიდენტები — რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუშ უფროსი და ჯორჯ ბუშ უმცროსი.