სასკოლო ფორმების შეძენა ონლაინ პლატფორმითა და სარეალიზაციო პუნქტებით იქნება შესაძლებელი, პირველ ეტაპზე კი ფორმებით პირველკლასელებს უზრუნველყოფენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფორმების შემოტანა სამ ეტაპად მიმდინარეობს, პირველი ეტაპის პარტია კი უკვე საქართველოშია და ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქშია დარიგებული.

მინისტრის თქმით, ფორმების მეორე პარტია, რომელიც მეორე და მესამე კლასელებისთვისაა განკუთვნილი, 15 ოქტომბრამდე უნდა ჩამოვიდეს.

"სულ 3 ეპატია — პირველი ეტაპის ყველა ფორმა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ პირველკლასელთათვის, უკვე შემოსულია საქართველოში და სარეალიზაციო პუნქტებში, რაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დარიგებულია. ასევე, ჩვენ გვაქვს დასაწყობებული ფორმები ონლაინ შესყიდვის შემთხვევაში.

ორშაბათს გვქონდა ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც იძლევა დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ფორმების შეძენა. ამავდროულად, იქვე არის მოცემული ის საშეღავათო პირობები, რომელსაც სხვადასხვა ბანკები თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე ფორმის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს სთავაზობენ. ეს საშეღავათო პირობები იმოქმედებს საცალო შეძენის პუნქტებშიც ბანკის ტერმინალით, ამავე ბანკით გადახდის დროს, მაგრამ მთავარი მოცემულობა არის ის, რომ 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ მხოლოდ პირველკლასელთა ფორმების რეალიზაციას.

მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, 15 ოქტომბრამდე უნდა ჩამოვიდეს მეორე პარტია, რომელიც რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მეორე და მესამე კლასელებისთვის უნდა იყოს. 30 ნოემბრამდე უნდა ჩამოვიდეს დანარჩენი ფორმები, რომელიც უკვე მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. ჩვენი მიზანია, პირველი სემესტრის დასრულებამდე, 31 დეკემბრის ჩათვლით პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ჰქონდეს, შეიძინოს ეს ფორმები, თუმცა ათასი სპეკულაცია გვესმის. მინდა ვთქვა, რომ თუკი ფორმის დიზაინი და ის სტანდარტი, რაც ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული, დაცული იქნება, მათ შეუძლიათ იგივე დიზაინის და იგივე კრიტერიუმების, სტანდარტის შემცველი ფორმები გამოიწერონ საზღვარგარეთის ონლაინ საიტებიდან, თუ ასეთი სურვილი არსებობს, ან მათთვის შერჩეულ სამკერვალოში მათ ადგილზევე შეაკერვინონ ეს ფორმა. აქ ჩვენ შეზღუდვა არასდროს დაგვიწესებია. ეს უკვე თითოეული მშობლის გადასაწყვეტია. თუმცა, ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რაოდენ კონკურენტუნარიანი არის ფასის მიხედვით ის ფორმები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ამ ფორმებთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი საერთაშორისო შემფასებელი შვეიცარიული კომპანიის დასკვნა, რომელიც აბსოლუტურად ადასტურებს ამ ფორმების სტანდარტის სრულ შესაბამისობას მსოფლიო მასშტაბით სასკოლო ფორმების დადგენილ საერთო პრაქტიკასთან. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ეს არის ხარისხიანი ფორმები, ჯანმრთელობისთვის არანაირი საფრთხის შემცველი არ არის, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოება ფორმებს მიიღებს. მათი უდიდესი ნაწილის მზაობა და პოზიტიური გამოხმაურება გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ ეს ძალიან ბევრ გამოწვევას პასუხობს, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის სოციალური სამართლიანობის საკითხი", — განაცხადა მიქანაძემ (IPN).