2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ, საიას გამგეობის წევრთა მოხალისეობრივი ჩართულობით, აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება: პირადი კონსულტაციები საიას თბილისის ოფისში — ყოველ ხუთშაბათს, 10:00-დან 17:00 საათამდე; ონლაინ კონსულტაციები. კონსულტაციის მისაღებად მიმართვის დეტალური წესი ხელმისაწვდომია საიას ვებგვერდზე: https://gyla.ge/legal-aid

"1994 წლიდან ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ. დაცულობის ერთ-ერთი გარანტია სამართლებრივი უსაფრთხოებაა. ადამიანებისათვის კვალიფიციური უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა კი ამის წინაპირობაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი რეპრესიების პირობებში, როდესაც კანონებს ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ და ინსტიტუტები სულ უფრო სუსტდება. სწორედ ამიტომ, კვალიფიციურ და უფასო იურიდიულ კონსულტაციაზე ხელმისაწვდომობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საიამ, 31 წლიანი ისტორიის განმავლობაში, 1.3 მილიონზე მეტი უფასო იურიდიული დახმარება და კონსულტაცია გავწიეთ. 2026 წლის მარტში შექმნილი მძიმე და რეპრესიული გარემოს გამო კი, იძულებული გავხდით, დროებით, კრიზისულ რეჟიმზე გადავსულიყავით. ამის შედეგად, ხუთი თვის განმავლობაში ჩვენი იურიდიული დახმარება მხოლოდ სტრატეგიულ სამართალწარმოებას შეეხებოდა.

ამასთანავე, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოში მოქმედი შემზღუდავი რეგულაციების გამო, 2026 წლის 4 აპრილიდან საიას არც ერთი მიმდინარე პროექტი აღარ აქვს.

მაშინ, რის საფუძველზე აღვადგენთ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს?

საია წევრობაზე დაფუძნებული და დემოკრატიული მმართველობის მქონე ორგანიზაციაა. კონსულტაციების ნაწილობრივ აღდგენა შესაძლებელი გახდა, ერთი მხრივ, საიას თანამშრომლებისა და, მეორე მხრივ, ორგანიზაციის გამგეობის წევრი ადვოკატების მოხალისეობრივი ჩართულობით", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.