ადვოკატმა ლილი გელაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ციხიდან რიგით მე-5 წერილს გამოაქვეყნებს, რომელიც მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას შეეხება.

"რასაც შეეწირა [მდინარაძის თანამდებობა] და ახლა თქვენ წერილი ახსენეთ, ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ისევ გამოაქვეყნებს წერილს და დეტალურად ისაუბრებს სწორედ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. არა [მდინარაძეს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია], მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთან ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა.

ღარიბაშვილი პატიმარია, მისი ერთადერთი კომუნიკაცია ახლა ეს არის წერილების ფორმა და ამას არ მოაკლებს საზოგადოებას.

მხარდაჭერის მოლოდინი მას არ ჰქონდა, უბრალოდ ის მოლოდინი, რაც მოხდა მის მიმართ, არ ეგონა, რომ ასეთი ტყუილების კასკადი იქნებოდა მის მიმართ და ცრუ ბრალდებები, აი ამას ნამდვილად არ ელოდა.

როგორ ფიქრობთ, ახლა ღარიბაშვილი აქ, ამ რეჟიმში, ამ პირობებში რომ ზის ციხეში ცრუ ბრალდებით, გულდაწყვეტილი არ იქნება და კარგად არის? ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე ერთგული ადამიანი — საზოგადოებას მივმართავ — ვინმეს გეგულებათ, ან გეგულებოდათ, ან დღესაც გეგულებათ ირაკლი ღარიბაშვილზე ერთგული ადამიანი? ეს კითხვა მაქვს თქვენს კითხვაზე. რიტორიკულად ვსვამ ამ კითხვას და აქედან დასკვნა... ის არის, იყო ყველაზე ერთგული ადამიანი ბიძინა ივანიშვილის," — ამბობს ლილი გელაშვილი.

შეგახსენებთ, ექსპრემიერმა ციხიდან წერილების გამოგზავნა 17 აგვისტოს დაიწყო. პირველ წერილში ღარიბაშვილმა მის და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას დააკისრა.

ირაკლი ღარიბაშილის მიერ ციხიდან გამოგზვანილი წერილების შესახებ წაიკითხეთ აქ:

ციხიდან გამოქვეყნებულ მე-3 წერილში ღარიბაშვილი წერს, რომ "არავის ებრძვის და არც არავის წინააღმდეგ იბრძვის, მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახს იცავს". ამას გარდა, ექსპრემიერი აღნიშნავს, რომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი მამუკა მდინარაძემ შემოუგზავნა.

24 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი დაუმატეს. პროკურატურა ექსპრემიერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე ედავება. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. მდინარაძემ პოლიტიკაში ყოფნის 10 წელი "შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების პერიოდად" შეაფასა. პრემიერ კობახიძის განმარტებით, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ სტრესსა და გადაღლას უკავშირდება.