რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონ ყაბარდო-ბალყარეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი დაკარგულად ითვლება — ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ზვავი 6 სექტემბერს ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მიჟირგის მწვერვალიდან ჩამოწვა და 33-კაციანი ალპინისტების ჯგუფს მოიყოლა. 7 სექტემბრის მონაცემებით, 10-მა ალპინისტმა მთიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა შეძლო, ხოლო ექვსის ბედი კვლავ უცნობია.

სამაშველო ოპერაციაში 50-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს, თუმცა რთულმა რელიეფმა და განმეორებითი ზვავის ჩამოწოლის მაღალმა რისკმა სამუშაოები გაართულა.

DW-ს ცნობით, ზვავი 6 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, მეჟირგის მთის ფერდობიდან ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პირველ ცნობებში 15 მთამსვლელი ფიგურირებდა: მაშინ ორი დაღუპულის, სამი დაშავებულისა და 10 დაკარგულის შესახებ იყო ინფორმაცია. მოგვიანებით ჯგუფის წევრთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას უწყებამ დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ მონაცემები რამდენჯერმე დააზუსტა. 7 სექტემბრის 09:00 საათის მდგომარეობით, 11 ადამიანს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა მიღებული, კიდევ ექვსის ბედი კი უცნობი იყო.

ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში, სამძებრო სამუშაოებში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს Mi-8 ტიპის ვერტმფრენისა და კომპანია "ჰელიექშენის" კომერციული ვერტმფრენის ჩართვა იგეგმება.

შემთხვევის შემდეგ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამომძიებლები მომხდარის გარემოებებსა და იმ მიზეზებს ადგენენ, რომლებმაც შესაძლოა ტრაგედია გამოიწვია. შემთხვევის რაიონში მანამდე მოქმედებდა არასასურველი ამინდის შესახებ გაფრთხილება.