სვანეთში, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ჭრილობების მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვნებს შორის დაწყებულ კონფლიქტში ერთ-ერთი მათგანის მამა ჩაერთო, რომელმაც მეორე მოზარდს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით ინციდენტში ჩაერია ბრალდებულიც, რომელმაც ცივი იარაღით ორი პირი დაჭრა, ხოლო თავად ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს.

ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც.

სამივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს," — წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.