ზაფხულის მიწურულს, შემოდგომის დასაწყისში, თბილისიდან 40 წუთის სავალზე, სათიბეს ცისქვეშ Stockton Records მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, მისი ლეიბლის ქვეშ გაერთიანებულ არტისტებს მოუსმინოს და ასევე სხვა აქტივობებით დაკავდეს. — ეს ფესტივალის სტანდარტული აღწერაა და, ერთი შეხედვით, არანაირ სიახლეს არ გვთავაზობს. სტატიაში გულწრფელ რეცენზიას იხილავთ, რომელიც როგორც დადებითზე, ასევე ფესტივალის მცირე უარყოფით ნაწილებზეც ისაუბრებს.

Line Up – Nothing new, but…

Bedford Falls, Skazz, kordz & Security, MokuMoku, Circus Mircus, Afternoon Version, Vaqo, Tape Visitors, The Cave, OCD… — დარწმუნებული ვარ, ეს Line Up თქვენთვის რომ მეჩვენებინა და მეკითხა: "გამოიცანით, რომელ ფესტივალზეა საუბარი-თქო", გაგიჭირდებოდათ გამოცნობა, რადგან ქართველი მსმენელებისთვის აღნიშნული მუსიკოსების მოსმენის პირველი ჯერი ნამდვილად არ არის. მაგრამ, თუ მაინც გარისკეთ და ფესტივალზე მოხვედით, ერთ მარტივ ჭეშმარიტებას აღმოაჩენდით — რამდენჯერაც არ უნდა მოუსმინო არტისტს, ყოველ მოსმენას სხვა "ვაიბი" მოაქვს. ეს კი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

ფოტო: ნინო დიაკონიძე/On.ge

ამფითეატრის სტილის სცენა

ალბათ, ეს არის საუკეთესო მიგნება, რაც კი ამ ფესტივალს აქვს. ღია ცის ქვეშ მრავალი ფესტივალი ტარდება და არაფერია ახალი სუფთა ჰაერზე სცენის დადგმასა და იქ მსმენელებისთვის თავის მოყრაში. მაგრამ პირველი, რაც კი თვალში მომხვდა, არის ის, რომ განსხვავებით სტანდარტული ფესტივალის აგებულებისგან, სადაც შემსრულებელი მაღალ სცენაზე დგას — აქ მსმენელიც და შემსრულებელიც ერთ სიმაღლეზეა, რაც უფრო “ინტიმურ” გარემოს ქმნის. წამით გგონია, ახალი არტისტის დახურულ კონცერტზე ხარ და პირველად აღმოაჩინე მისი მუსიკა, მერე კი გახსენდება, რომ შენ წინ არც ისე New comer არტისტი დგას.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით, Main Stage საკმაოდ მცირე ტერიტორიას იკავებს — ამ პატარა სივრცეშიც იპოვი შენთვის სასურველ ადგილს: გინდა, თვალებში უყურე არტისტს და ბოლომდე შეიგრძენი მისი მუსიკა, ან სცენიდან ოდნავ მოშორებით Moshpit-ს შეუერთდი, ან უკან, მშვიდად, ბალახზე გართხმულმა მოისმინე მუსიკა და სცენის მშვენიერი ხილვადობაც გქონდეს.

ფოტო: მარიამ მჭედლიძე/On.ge

ვიხილეთ არტისტების true personality

"Benjamin Netanyahu please stop the rain… Actually fuck that guy…" – სცენიდან ამ ხუმრობას არტისტისგან სხვა ფესტივალზე ნამდვილად ვერ მოვისმენდით და ასე ძალიან არ გაგვეცინებოდა. ეს ერთ-ერთი მაგალითი იყო იმისა, რომ გარდა სცენასთან სიახლოვისა, მსმენელი ნამდვილად გრძნობდა, რომ მის წინ არტისტი უკრავდა თავისი ხასიათით, ხუმრობებით, განცდებით… მხოლოდ ხუმრობით რომ არ შემოვიფარგლოთ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი არტისტის ლაივი უკვე მოსმენილი მქონდა, ნამდვილად იგრძნობოდა, რომ მათ კრეატიული თავისუფლებაც მიეცათ და არ გბეზრდებოდა არცერთი გამომსვლელი, თუნდაც მისი მუდმივი მსმენელი არ ყოფილიყავი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულ კულტურაში Fan Bus-ის ფენომენი იშვიათად გვხვდება — მუსიკოსმა Kordz-მა კი მსმენელთან დაახლოებაზე კიდევ უფრო იზრუნა და ფესტივალის ბოლო დღეს სათიბეში ასვლა მსმენელთან ერთად გადაწყვიტა, სადაც მისი ჯერ გამოუქვეყნებელი ტრეკები მოვისმინეთ. არა მარტო მოვისმინეთ, არამედ მათ არჩევაშიც მივიღეთ მონაწილეობა, რაც უდავოდ საღამოს გასართობი ნაწილი იყო.

ფოტო: ნინო დიაკონიძე/On.ge

მსმენელი

განსხვავებით სხვა ფესტივალებისგან, მსმენელს ნამდვილად ეტყობოდა, რომ არტისტების მოსასმენად იყო მოსული და არა სხვა სოციალური მიზეზებიდან გამომდინარე. ასეთ ტერმინს ვიყენებ: "ყრუ მსმენელი" — როდესაც რომელიღაც არტისტის/ჯგუფის უდიდესი ფანი ხარ და თვლი, რომ შენ გარშემო ყველას უნდა მოასმენინო შენი მუსიკალური ნიჭი. არ ვიცი, განსაკუთრებულად ნიჭიერი მსმენელი დავემთხვიეთ სათიბეში თუ რა მოხდა, მაგრამ მსმენელებს არტისტისადმი ეს პატივისცემაც ჰქონდათ და რიტმის ფარგლებში ჰყვებოდნენ მუსიკას.

ფოტო: ნინო დიაკონიძე/On.ge

რომ არა უამინდობა, რის გამოც ფესტივალი 27-28 აგვისტოს ნაცვლად სექტემბრის დასაწყისში ჩატარდა, ფესტივალის მთავარი იდეა ნამდვილად ცოცხლდებოდა. გარდა მუსიკისა, სცენისგან მოშორებით, ბუნებაში მშვიდად დასვენებაც თავისუფლად შეგეძლო. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი — Stockton Invite საკმაოდ ბავშვებზე მორგებული ფესტივალი აღმოჩნდა: მშობლებს საშუალება ჰქონდათ შაბათ-კვირა მშვიდად გაეტარებინათ, ბავშვები კი, ჩემდა გასაკვირად, ძალიან ერთობოდნენ.

ფოტო: ნინო დიაკონიძე/On.ge

ვესტუმრებოდი თუ არა ფესტივალს მომავალ წელს?

რატომაც არა. ზაფხულის მიწურულს, როდესაც შვებულება და სხვა ზაფხულთან ასოცირებული ივენთები უკან მოტოვებული გაქვს, სასიამოვნოა, კიდევ ერთხელ მოგეცეს შანსი, შემოდგომის დასაწყისამდე ღია ცის ქვეშ მუსიკით დატკბე — თან თბილისიდან არც ისე შორს. თუ მოგბეზრდათ ერთი და იმავე ადგილას დასვენების დღეების გატარება, სიახლე გჭირდებათ და Stockton Invite-ად ნამდვილად ღირს გასარისკად.