ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდიუ ბერნჰემმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაერთიანებული სამეფოს გრძელვადიანი ურთიერთობის გადახედვისას მთავრობის განსახილველ ვარიანტებს შორის ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც იქნება.

BBC Breakfast-თან საუბრისას ბერნჰემმა თქვა, რომ Brexit-ის შედეგად ჩამოყალიბებულმა ურთიერთობამ "უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი" და საჭიროა შეფასდეს, "რისი გაკეთებაა შესაძლებელი" ევროკავშირთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ბერნჰემმა BBC Radio 4-ის Today-ს გადაცემაში აღნიშნა, რომ ვარიანტები შეიძლება მოიცავდეს არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, ევროკავშირთან საბაჟო კავშირში დაბრუნებას, ერთიან ბაზართან დაახლოებას ან "სრულად დაბრუნებას".

"აშკარად არსებობს ვარიანტები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და უნდა შევაფასოთ, რისი განხორციელებაა შესაძლებელი და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულ მათგანს", — განაცხადა ბერნჰემმა.

როგორც BBC წერს, მისი ინიციატივა შესაძლოა გაერთიანებული სამეფოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი გახდეს. კონსერვატიული პარტია ბერნჰემს Brexit-ის წლების დაპირისპირების "ხელახლა გახსნაში" ადანაშაულებს.