რუსული სახელმწიფო კორპორაცია "როსატომის" გენერალურმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა, რომ კორპორაციამ სომხეთს ახალი ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო კონსორციუმის ფორმატით აშენება შესთავაზა. უახლოესი თვეების განმავლობაში სომხეთის მთავრობა მშენებლობის პარტნიორებს შეარჩევს და სადგურის ტექნიკურ დიზაინზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"როსატომმა უკვე წარუდგინა ოფიციალური წინადადება სომხურ მხარეს VVER-1000 ტიპის ბლოკის (1000 მეგავატი სიმძლავრის) მშენებლობაზე. რუსული მხარე მზადაა, ეს პროექტი ინტეგრირებული საერთაშორისო კონსორციუმის სახით განახორციელოს და მშენებლობაში სხვა ქვეყნების (მაგალითად, საფრანგეთის, კორეისა და ჩინეთის) მწარმოებლებიც ჩართოს, თუკი ერევანს ამის სურვილი ექნება", — განაცხადა ალექსეი ლიხაჩოვმა ერევნის აეროპორტში, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების შემდეგ.

ლიხაჩოვის თქმით, მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, 2036 წლისთვის სწორედ ეს სიმძლავრეა საჭირო ელექტროენერგიის დეფიციტის დასაფარად. რუსული მედია წერს, რომ ამ დროისთვის სომხეთის მოქმედი, საბჭოთა პერიოდის მეცამორის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა ამოიწურება.

რუსული მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა სომხური ატომური ელექტროსადგურის მოდულური რეაქტორებით ჩანაცვლების საკითხი ამერიკელ კოლეგებთანაც განიხილა, თუმცა მხარეებმა რაიმე კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა ასევე განიხილა ახალი სადგურის მშენებლობის გეგმებიც, რაზეც კონსულტაციები რუსეთთან, აშშ-სთან, საფრანგეთთან, სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან მიმდინარეობდა.