დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში ილია II-ის 2001 წლის ოფიციალურ ვიზიტზე წერს ირანში, რომელიც მაშინდელი ირანის პრეზიდენტის, მოჰამედ ხათამის მოწვევით გაიმართა და "კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის" ფარგლებში ჩატარდა.

სავარაუდოდ ამ ტექსტით ის საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის განცხადებასაც ეხმაურება იმის შესახებ, რომ ქეთევან დედოფალზე საკუთარი კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს და "ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე".

მთავარეპისკოპოსის შეფასებით, ისტორიის გადააზრება არ უნდა ნიშნავდეს უკვე დადგენილი ფაქტების გადახედვას ან ქართველებისთვის მტკივნეული ისტორიის "ხელახლა დაწერას". მისი აზრით, ნამდვილი ქართულ-ირანული დიალოგი სწორედ ისტორიული სიმართლის აღიარებიდან უნდა იწყებოდეს.

ქეთევან დედოფლის წამებას ის ასეთ ისტორიულ ფაქტად მიიჩნევს და მაგალითად მოჰყავს 2001 წელს ირანში ვიზიტისას ირანელი მაღალი რანგის სასულიერო პირის პასუხი, რომელმაც შაჰების მოქმედებები ბოროტებად შეაფასა. ამ კონტექსტში იარაჯული ირანს კონკრეტულ სიმბოლურ ნაბიჯსაც სთავაზობს — თეირანში არსებული ქართული სასაფლაოს ტაძარი ქეთევან დედოფლის სახელზე ამოქმედდეს და ქართველ სასულიერო პირს იქ მისი ხსენების დღეს ლიტურგიის ჩატარების უფლება მიეცეს.

"2001 წელს, ირანის პრეზიდენტის, მოჰამედ ხათამის, მიწვევით, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ირანს ეწვია. ვიზიტი კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის ეგიდით გაიმართა. ამ ვიზიტის დროს მეც ვახლდი კათოლიკოს-პატრიარქს.

ირანმა ჩვეული აღმოსავლური სტუმართმოყვარეობითა და მაღალი კულტურით გვიმასპინძლა. ოფიციალურ შეხვედრებსა და ფერეიდანის ქართველებთან სტუმრობასთან ერთად, პროგრამა ისპაჰანსა და თეირანში შაჰების სასახლე-მუზეუმების მონახულებასაც ითვალისწინებდა. ძვირფასი ექსპონატებით სავსე დარბაზებს რომ მივუყვებოდით, გზადაგზა კედლებიდან იმ შაჰების პორტრეტები დაგვყურებდნენ, რომელთა სახელებიც ჩვენს მატიანეებში ჩვენი წინაპრების ცრემლსა და სისხლთან არის დაკავშირებული. ყველას სახეზე დარდი და წუხილი გვეტყობოდა. ვთქვით: ჩვენთვის მძიმეა ამ შაჰების პორტრეტების ცქერა, ისინი ხომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სამშობლოს აოხრებდნენ და მოსახლეობას უმოწყალოდ ხოცავდნენ.

ჩვენმა თანმხლებმა, მაღალი რანგის სასულიერო პირმა აიათოლამ, გვიპასუხა: "სრულიად მესმის და გითანაგრძნობთ. ირანის შაჰებმა ბოროტების გზით იარეს". ეს სიტყვები დღემდე მახსოვს. დიახ, ხალხებს შორის ნამდვილი დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება, როდესაც ერთი მეორის ტკივილს პატივს სცემს და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ.

ამ ტკივილის ნათელი სახეა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, რომელიც 1624 წელს შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით აწამეს. რაოდენ დიდი მცდელობაც არ უნდა იყოს, ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში კახთა დედოფლის დრამატულ და ეპიკურ სახესა და სახელს ვერაფერი გადაასხვაფერებს. ყველა წერილი და დოკუმენტიც რომ ეჭვქვეშ დადგეს, ვერაფერი ჩაანაცვლებს მისი ძის, მეფე-პოეტ თეიმურაზ I-ის იმ ტკივილითა და სიმართლით დაწერილ სიტყვებს, რომლებიც მან 1629–1634 წლებში, ცრემლნარევი მელნით ფურცლებზე დაიტანა:

"რა შაჰ-აბაზ შეუთვალა შირაზისა ხალარ-ხანსა:
შენ ქეთევან დედოფალსა ნუ აცოცხლებ დიდსა ხანსა…
იმამ-ყული-ხანს რა ესმა საქმენი საზარონია,
მეტად გაკვირდა, ესე თქვა: მისი რა საკადრონია?
ვიცი, რომ არ გათათრდების, თუცა არა აქვს დრონია,
თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?…
მათ აწამეს წმინდა ესე სეკდენბერსა ათორმეტსა,
შვიდსა თვემდე მოგახსენებ სასწაულსა მეტის-მეტსა,
საქართველო აღებულა წელს ნაჭამი ათერთმეტსა,
მარტში დარჩა მას მეუფეს ქრისტიანი ნათლის სვეტსა".

თეირანში ქრისტიანი ქართველების პატარა სასაფლაო და მცირე ტაძარია. ქართველი ხალხისთვის გასაგები ენა და კეთილმეზობლობის ნათელი გამოხატულება იქნება, თუ ეს ტაძარი წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელზე ამოქმედდება და ქართველ სასულიერო პირს წელიწადში ერთხელ მაინც, წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს, იქ საღვთო ლიტურგიის აღსრულების უფლება მიეცემა. ამ დღეს ღვთის წინაშე მოიხსენიებდნენ და პატივს მიაგებდნენ მათ ნათელ ხსოვნას, ვინც აღმოსავლეთ საქართველოდან ირანის შაჰთა მიერ იძულებითი გადასახლებისას უმძიმეს გზაზე დაიღუპა, ვინც უცხო მიწაზე აღესრულა და რა თქმა უნდა, მათაც, ვინც დღეს ამ სასაფლაოზე განისვენებს.

ხალხთა შორის ნამდვილი კეთილმეზობლობა მაშინ იბადება, როდესაც ერთი ერის ტკივილს მეორე ერი გულით ისმენს, წარსულის სიმართლეს პატივს მიაგებს და გარდასულთა ხსოვნას ლოცვითა და კეთილი საქმით პასუხობს. ასე გადადის ისტორიული მეხსიერება მტრობის მემკვიდრეობიდან ურთიერთპატივისცემის, გულისხმიერებისა და მშვიდობის გზაზე", — წერს მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული.