ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოში ირანის ელჩის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ქეთევან დედოფალზე საკუთარი კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს და "ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე".

"ირანის ელჩის ცინიკური და დამცინავი ჟესტი დაუშვებელია ყველანაირი დიპლომატიური პროტოკოლითაც კი. ზუსტად იცის, რომ ჩვენი ისტორიის მძიმე მოვლენის თავხედური ინტერპრეტაციაა. ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას ქართული ოცნების მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?", — წერს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, ირანის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის გამოსახულებით განათდა. მისი თქმით, მისთვის ქეთევანის გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება და ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებაც დღემდე განსხვავებული ისტორიები არსებობს.

ელჩი აცხადებს, რომ მალე გააზიარებს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომელიც დედოფალ ქეთევანსა და ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს შეეხება.

მისი თქმით, ეს არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც ქეთევანის შესახებ საბოლოო პასუხის პრეტენზია — ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

ელჩი წერს, რომ მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება შესაძლოა წარსულში დაბრუნებაზე მეტად, ქართველებისა და ირანელების ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება გახდეს.