დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ცივი იარაღით დაჭრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმაც. მათი ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტი კვების ობიექტთან დაიწყო და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გაგრძელდა, რის გამოც დაცვის თანამშრომლის სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა შეიზღუდა.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვმარტოთ, რომ დღეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, მოხდა ინციდენტი — შედეგად დაზარალდა ჩვენი მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

რამდენადაც ცნობილი გახდა, ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე. რის გამოც, დაცვის თანამშრომლის სწრაფი რეაგირება შეიზღუდა. თუმცა, უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში," — წერს უნივერსიტეტი.