ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას აკისრებს პასუხისმგებლობას იმაში, რომ საქართველო ვერ მოხვდა იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომელსაც EU კავშირში წევრობის ე.წ."საგზაო რუკას" გადასცემს.

სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცება, თითქოს ევროკავშირმა თავად შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, ტყუილია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებულმა ანტიდემოკრატიულმა კანონებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელი გახადა, ხოლო ირაკლი კობახიძის განცხადება ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ, მისი შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის "საბოტაჟი" და კონსტიტუციის დარღვევა იყო.

"რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრან ივანიშვილის სპიკერებმა იმაზე, რომ თითქოს ევროკავშირმა თავად შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, სიმართლე არის ის, რომ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით ბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება და შემდეგ საკუთარი ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი ირაკლი კობახიძე გამოიყვანა და გამოაცხადებინა რეალურად უარი ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ეს არის რეალური საბოტაჟი საქართველოს სახელმწიფოსი, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ქართული სახელმწიფო თუ გადარჩა ამ სამარცხვინო რეჟიმს აუცილებლად მოუწევს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება ამ ისტორიულ სახელმწიფო დანაშაულზე", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Politico-ს ცნობით, ევროკავშირის ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც ბლოკი კავშირში გაწევრიანებისთვის მიზნობრივ "საგზაო რუკებს" შესთავაზებს.

როგორც ევროკომისიის ორმა მაღალჩინოსანმა გამოცემა POLITICO-ს განუცხადა, მიზნობრივ "საგზაო რუკებს" — რომლებიც წევრობისკენ მიმავალ მკაფიო, ეტაპობრივ გზას და მოლაპარაკებების სავარაუდო ვადებს განსაზღვრავს — მხოლოდ ოთხ მოწინავე ფავორიტ ქვეყანას — მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვასა და ალბანეთს შესთავაზებენ.