2024 წლის დეკემბრის აქციების დროს დაკავებული არტემ გრიბული ციხიდან წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მასსა და ანასტასია ზინოვკინაზე ფსიქოლოგიური წნეხი ხორციელდება. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გაწელვასა და დაქორწინებაზე უარის თქმასთან ერთად (რაც მათ ვიდეოპაემნების უფლებას მისცემდა), ხელისუფლების მიზანია, რომ პატიმრებმა თავი მარტოსულად იგრძნონ, ვინაიდან "მარტივია ზეწოლა მოახდინო იმაზე, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს".

როგორც წერილშია აღნიშნული, პროკურატურა მათ ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს . მიუხედავად ამისა, დაკავებულები აცხადებენ, რომ საპროცესო შეთანხმებას არ დასთანხმდებიან.

"30 სექტემბერს მე და ანასტასიას [ზინოვკინა] გვექნება საბოლოო სხდომა სააპელაციო სასამართლოში. ვიმედოვნებ, რომ ის მართლა საბოლოო იქნება. ჩვენი სააპელაციო სასამართლო გრძელდება თითქმის ერთი წელია, და ეს ძალიან ბევრია. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გაგვაწამონ და გვაიძულონ საპროცესოს გაფორმება.

მთელი ეს პერიოდი ჩვენ არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას სხვადასხვა საბაბით. მაგალითად, ვითომ იმიტომ, რომ ჩვენ უკანონოდ ვიმყოფებით საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი უფლებაა, რომელიც გარანტირებულია კანონით და ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციით.

ჩვენს მდგომარეობაში დაქორწინება ბევრს ვერაფერს ცვლის, მორალური მდგომარეობის გარდა. ყველაზე შესამჩნევი ალბათ ისაა, რომ დაქორწინების შემთხვევაში ვალდებულები იქნებიან თვეში ორჯერ ჩაგვინიშნონ ვიდეოპაემანი. ამიტომაც გვეუბნებიან უარს, გაცილებით მარტივია ზეწოლა მოახდინო იმაზე, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს.

იგივე მიზეზით ქვეყანაში არ უშვებენ ანასტასიას დედას. იგივე მიზეზით ჩემთან არ უშვებენ მღვდელს. ამ დროს პროკურორი მიდის ჩვენს ყველა ადვოკატთან და სთავაზობს საპროცესოს. აღიარეთ და ცოტას მოგისჯით, მალე გამოხვალთ, ფაქტობრივად მეორე დღესვეო. როცა ვამბობ, რომ ყველა ადვოკატს სთავაზობს სათითაოდ, მართლა ყველა ადვოკატს ვგულისხმობ. პროკურორი მისული იყო იმ ადვოკატთანაც კი, რომელიც დაქორწინებაში გვეხმარება და სისხლის სამართლის საქმეში არაა ჩართული.

მაგრამ ვერანაირი საპროცესო ვერ შედგება. ეს იქნებოდა ნამეტანი დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის და იმ დამნაშავეებისთვის, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება. მათი ზეწოლის მცდელობა ამ მეთოდებით საწყლად გამოიყურება.

ჩვენ ჩაგვიდეს ნარკოტიკი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. მთლიანი საქმე კიდე სრული ფალსიფიკაციაა, რომელიც გაკეთებულია უნიათო თანამშრომლების მიერ, რომლებსაც ნორმალურად არაფერი არ შეუძლიათ:

არც ჩადება, არც საბუთების შედგენა, არც სასამართლოში ჩვენებების მიცემა.
ეგ უნიათოები:

— გამოიჭირეს იმ ნარკოტიკის ჩანაცვლებაზე, რომელიც თვითონვე ჩაგვიდეს
— გამოიჭირეს საქმის მასალებიდან ნარკოტიკის მოპარვაზე
— გამოიჭირეს საბუთების გაყალბებაზე
— ძალიან ბევრს იტყუებოდნენ სასამართლოზე და გამოიჭირეს

ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე, ასევე სახლის ჩხრეკის ვიდეო ჩანაწერზე, მტკიცებულებებსა და საბუთებზე.

და ასე შემდეგ. არც კი ვიცი, ეს ძალიან სევდიანია თუ ძალიან სასაცილოა. 30 სექტემბრამდე სასამართლო იფიქრებს, თუ როგორ დახუჭოს თვალი ამ ყველაფერზე. მოდით და მოუსმინეთ, თუ რას იტყვიან მოსამართლეები და დააკვირდით მათ სახეებს ამ დროს. ჩვენ კი ვიბრძოლებთ სიმართლისთვის, და სიმართლე გაიმარჯვებს", —აღნიშნულია წერილში (წერილს "პუბლიკა" აქვეყნებს).

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულ რუსეთის ორი მოქალაქეს – ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

მათ პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავებოდა.