24 სექტემბერს, პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი — "კულტურით წინააღმდეგობა — ქართული ბრძოლა" გაიმართა. ღონისძიება საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფმა მოაწყო და ის ჯგუფის პრეზიდენტმა, საფრანგეთის პარლამენტის წევრმა სტივი გუსტავმა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნეს.

ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით,კოლოქვიუმის ფარგლებში გაიმართა სამუშაო დისკუსიები დემოკრატიაზე თავდასხმებსა და კულტურის როლზე, ასევე წარმოდგენილი იყო საპროტესტო აქციებისა და არსებული რეპრესიების ამსახველი დოკუმენტური ვიდეომასალა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი უპირველესად ქართველი ხალხის ერთიანობასა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში გამართულ კოლოქვიუმზე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარეობს განსხვავებული აზრისა და სამოქალაქო ქცევის კრიმინალიზება, დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე ზეწოლა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის რეალური საფრთხე.

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ასევე ექცევა რუსეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული გავლენის ქვეშ, ხოლო პორტები, საჰაერო მიმოსვლა და კრიპტოვალუტის სექტორი კითხვებს აჩენს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ხელისუფლება კრიტიკის ჩასახშობად "რუსოფობიის" ნარატივს იყენებს, ცდილობს ისტორიული მეხსიერების გადახედვას და ებრძვის ქართულ კულტურას, რისი მაგალითადაც Kordz-ის კონცერტისა და ფესტივალის გაუქმება მოიყვანა.

ზურაბიშვილის განცხადებით, მკაცრი კანონებისა და ჯარიმების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, "სინდისის პატიმრები" და ცალკეული მოსამართლეები წინააღმდეგობას აგრძელებენ. მისი თქმით, საქართველოს მაგალითი მთელი ევროპისთვის გაფრთხილებაა და ავტორიტარულ ტენდენციებს მკაფიო, დროული პოლიტიკური რეაქცია და დიპლომატიური სოლიდარობა სჭირდება.