რუსეთმა ურალში ახალი, გასაიდუმლოებული სამეთაურო ბუნკერი ააშენა, რომელიც "პერიმეტრის" სახელით ცნობილ საპასუხო ბირთვული დარტყმის სისტემის ნაწილია. დასავლეთში ამ სისტემას "მკვდარ ხელს" (Dead Hand) უწოდებენ. ამის შესახებ The Sunday Times-ის, Danwatch-ისა და ცენტრ "დოსიეს" ერთობლივ გამოძიებაშია ნათქვამი.

ჟურნალისტებმა დაახლოებით 2,5 მილიონი დოკუმენტი და ღია წყარო გააანალიზეს და მთის შიგნით უზარმაზარი სამხედრო კომპლექსი აღმოაჩინეს.

ფოტო: The Sunday Times

ობიექტი სვერდლოვსკის ოლქში, კოსვინსკი კამენის მთის შიგნით მდებარეობს და მისი კოდური სახელწოდებაა "გროტი" (№1335). ჟურნალისტების შეფასებით, ახალი მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა ასობით მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ხარჯებს გაუტოლდა.

დოკუმენტების თანახმად, 2018 წლიდან ობიექტზე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მისი მშენებლობისთვის შეიძინეს მძიმე მიწის სათხრელი და საბურღი ტექნიკა, სამთო ვენტილაციისა და ჰაერის ფილტრაციის სისტემები ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოაქტიური დაბინძურებისგან დასაცავად, მიწისძვრისადმი მდგრადი კონდიცირების სისტემები, ფოლადი, მილები, კაბელები და ბეტონი.

ობიექტისთვის შეძენილ ტექნიკასა და მასალებს შორის დასავლური კომპანიების პროდუქციაც აღმოჩნდა, მათ შორის დანიური მწარმოებლის, Rockwool-ისა და შვეიცარიული Belimo-ს პროდუქცია. მიწოდებების ნაწილი 2014 და 2022 წლებში დაწესებული სანქციების ამოქმედების შემდეგ განხორციელდა.

გამომძიებლები ობიექტს საბჭოთა პერიოდში შექმნილ "პერიმეტრის" სისტემას უკავშირებენ, რომლის მიზანიც იყო საპასუხო ბირთვული დარტყმის შესახებ ბრძანების გადაცემის შესაძლებლობის შენარჩუნება იმ შემთხვევაში, თუ მართვის ჩვეულებრივი არხები განადგურდებოდა. ჟურნალისტები ობიექტის დანიშნულების დამატებით მტკიცებულებად რუსი სამხედროების პუბლიკაციებსაც მიიჩნევენ.

ფოტო: The Sunday Times

2022 წელს გენერალ-მაიორმა ვიქტორ ხალინმა, რომელიც 1970-იან წლებში "პერიმეტრის" შექმნაში მონაწილეობდა და 2005–2010 წლებში მისი მოდერნიზაციის ხელმძღვანელი იყო, დაწერა, რომ სისტემის განახლებული მართვის რგოლი სწორედ №1335 ობიექტზე განთავსდა. პოლკოვნიკმა იური ანდრეევმა კი 2025 წლის პუბლიკაციაში განაცხადა, რომ მრავალწლიანი საცდელი ექსპლუატაციის შემდეგ ობიექტი 2023 წელს საბრძოლო მორიგეობაზე დადგა.

თუმცა გაეროს ექსპერტი პაველ პოდვიგი აღნიშნავს, რომ "პერიმეტრის" სისტემის აღორძინებაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან არ არსებობს ინფორმაცია, რომ ეს სისტემა ოდესმე გაუქმებული ან გამორთული იყო. მისივე შეფასებით, №1335 ობიექტი ბირთვული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის ნაწილია, ხოლო თავად "პერიმეტრი" უპირველესად სარეზერვო კავშირის სისტემას წარმოადგენს, რომლის დანიშნულებაა გაშვების ბრძანების გადაცემა იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციის ჩვეულებრივი არხები განადგურდება.