დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მას 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — წერია უწყების განცხადებაში.