სხვა საჯარო სკოლების მსგავსად, დღეს ისანში, 81-ე საჯარო სკოლასთან აქცია გაიმართა. მშობლების განცხადებით, სასწავლო პროცესი დაწყებიდან მალევე შეჩერდა, რადგან ერთ-ერთ საკლასო ოთახში კედლის ნაწილი ჩამოიშალა.

მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის გაურკვეველია, როდის და სად შეძლებენ სასწავლო პროცესის გაგრძელებას.

"ერთი კვირაა, საინფორმაციო ვაკუუმში ვართ, არ ვიცით, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას, როდის გააგრძელებენ, მოგვარებულია თუ არა ეს ყველაფერი იმ დონეზე, რომ ვთქვათ ზუსტი თარიღი მაინც ვიცოდეთ, სწავლას როდის დაიწყებენ. ერთი კვირაა ბავშვები სახლში არიან და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით," — განაცხადა ერთმა მშობელმა "ტვ პირველთან" საუბრისას.

პროტესტის შემდეგ სკოლის დირექტორი რამდენიმე მშობელს შეხვდა. დირექტორმა მედიასთან განაცხადა, რომ სწავლა მომდევნო კვირიდან 103-ე სკოლაში გაგრძელდება. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მშობლებისთვის ეს შეთავაზება მიუღებელია და ისინი პროტესტს გააგრძელებენ.

"არ ვაკეთებ კომენტარს. ესენი ჩემი მშობლები არიან, ძალიან კარგად მიცნობენ, უთქვენოდაც გავესაუბრები. სწავლას ვიწყებთ ხუთშაბათს, 103-ე სკოლაში, გადასარევი სკოლაა. 2010 წელს აშენებული სკოლაა, საუკეთესო სკოლაა ინფრასტრუქტურით და ყველაფრით," — თქვა დირექტორმა.