თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, უკვე სამი წელია მოსწავლეები სხვა სკოლაში დადიან. აქციის მთავარი მოთხოვნაა, არ დაინგრეს სკოლის შენობა და მას სრული რეაბილიტაცია დროულად ჩაუტარდეს.

მშობლებმა "პუბლიკასთან" საუბარში განაცხადეს, რომ პროტესტი 21-ე სკოლასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარების შემდეგ დაიწყეს. მათი განცხადებით, 21-ე და 166-ე სკოლის შენობისთვის ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები "იდენტურია" და ისინიც სკოლის შენობის რეაბილიტაციას მოითხოვენ.

მასწავლებლების განცხადებით, სკოლას ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა და დასკვნის თანახმად შენობას მეორე-მესამე ხარისხის დაზიანებები აქვს და ის რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.

"21-ე სკოლის მაგალითზე, სადაც დაზიანებები აბსოლუტურად იდენტური იყო, მაგრამ მისცეს რეაბილიტაციის უფლება და სკოლაში შეუშვეს ბავშვები, ჩვენც გვინდა ახლა, რომ სკოლაში შეგვიშვან. არ გვინდა, დემონტაჟი, გვინდა სკოლის რეაბილიტაცია," — ამბობს "პუბლიკასთან" 166-ე სკოლის მასწავლებელი.

მას შემდეგ, რაც მშობლები და სასწავლო ნაწილი სკოლის დემონტაჟს დასთანხმდნენ, 2024 წლის შემდეგ სკოლის მოსწავლეები ორ სკოლაში არიან გადანაწილებული. მასწავლებლების განცხადებით, სკოლის დემონტაჟის გაწელილი პროცესის გამო, არსებული მდგომარეობა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე აისახება და გვიან საათებში სწავლის დაწყება არაეფექტურია.

შეგახსენებთ, რომ ხმაური 21-ე სკოლის გარშემო 17 სექტემბრის შემდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლებმა მიიღეს შეტყობინება, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შენობაში სწავლა უსაფრთხო აღარ იყო და 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ამას მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა, რადგან მათთვის გაუგებარი იყო, რატომ გახდა შენობა მოულოდნელად პრობლემური და რატომ არ ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია. ისინი ალტერნატიულ ექსპერტიზას და მთელი სკოლის ერთ შენობაში გადაყვანას ითხოვდნენ. 24 სექტემბერს სამინისტროსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსწავლეები 2026-27 სასწავლო წლის დასრულებას 21-ე სკოლაში შეძლებენ, "ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება".