პარლამენტში ქონების გადასახადთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადახდა მხოლოდ იმ მოქალაქეებს მოუწევთ, რომელთა წლიური შემოსავალიც 100 000 ლარს აჭარბებს.

"საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე წარედგინა პარლამენტის ბიუროს და მას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, "პროექტი ეხება ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვრის დატოვებას".

მოქმედი კანონმდებლობით, ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან ოჯახები, რომელთა შემოსავალი 40 000 ლარამდეა. არსებული წესით, 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონეთათვის — 0.08%-დან 1%-მდე. წარმოდგენილი პროექტით კი 40 000-ლარიანი ზღვარი სრულად უქმდება და ძალაში მხოლოდ 100 000-ლარიანი ზღვარი რჩება.