გასულ კვირას, აშშ-ში სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტის დროს, დონალდ ტრამპმა ჩინეთს სავარაუდოდ ამრიკული შეიარაღების შეძენა შესთავაზა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

ამ არაორდინარული წინადადების შესახებ, რომელიც ამერიკულ კანონმდებლობას არღვევს, ჩინეთში აშშ-ის ელჩმა განაცხადა.

"პრეზიდენტი ტრამპი მუდმივად ამბობს: "ჰეი, ჩვენ იარაღს ვყიდით სხვა ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში". ერთ მომენტში მან რეალურად ჰკითხა პრეზიდენტ სი ძინპინს, ისურვებდა თუ არა რაიმეს ყიდვას", — განაცხადა დევიდ პერდიუმ კვირას Fox News-თან ინტერვიუში.

ელჩმა დეტალები არ დააკონკრეტა და არც ის გაამჟღავნა, თუ რა უპასუხა სი ძინპინმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სწრაფად უარყო ამ ყველაფრიდ რეალობად ქცევის ალბათობა, თუნდაც ტრამპს მსგავსი რამ მართლა ეთქვა.

"აშშ-ის კანონმდებლობა კრძალავს ჩინეთზე იარაღის გაყიდვას და არანაირი შეთავაზება ან გეგმა ჩინეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ არ არსებობს", — აცხადებენ დეპარტამენტში.

პერდიუს კომენტარები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთის პრეზიდენტი ვაშინგტონს სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ტრამპმა და სი ძინპინმა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად შემდგომი თანამშრომლობის პირობა დადეს.

ეს განცხადება ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ მსჯელობისას გაჟღერდა. 14 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი დონალდ ტრამპის ხელმოწერისთვის დეკემბრიდან არის მზად, თუმცა ამერიკის პრეზიდენტს გაყიდვა ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია.

ამერიკული იარაღის მიყიდვა ტაივანისთვის უკვე დიდი ხანია ვაშინგტონსა და პეკინს შორის მტკივნეული საკითხია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი თვითაღიარებულ კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ტაივანისთვის ამერიკული იარაღის ყიდვა ნებისმიერი შეჭრის ძლიერ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს.

ტაივანთან ურთიერთობის აქტის თანახმად, აშშ ვალდებულია ტაიპეი საკმარისი სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოს, რათა მან თავის დაცვა შეძლოს, თუმცა ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან მოყოლებული, იგი სტრატეგიულად ბუნდოვან პოზიციას ინარჩუნებს.