ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილების თანახმად, სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს.

31 აგვისტოდან ამოქმედებული წესის თანახმად, 116-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევებისას, საჩივრის განხილვის პროცესი აღარ აჩერებს მართვის უფლების შეჩერების სანქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლი საქმის საბოლოო განხილვამდე მართვის მოწმობას ვერ დაიბრუნებს.

116-ე მუხლის მიხედვით, სანქციები ალკოჰოლური სიმთვრალის ხარისხზეა დამოკიდებული:

  • 0,3-დან 0,7 პრომილემდე ეთანოლის შემცველობისას — მართვის უფლება ჩამოერთმევა 6 თვის ვადით;
  • 0,7 პრომილეზე მეტი მაჩვენებლისას ან შემოწმებაზე უარის თქმისას — უფლების ჩამორთმევის ვადა 1 წლით განისაზღვრება.

გამკაცრებული სასჯელი შეეხება იმ მძღოლებსაც, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან განმეორებით დაჯდებიან, არ აქვთ მართვის მოწმობა ან სხვა დარღვევის გამო უკვე ჩამორთმეული აქვთ. გარდა ამისა, თუ სიმთვრალეში მართვას ავარია და ვინმეს მსუბუქად დაშავება მოჰყვა — გარემოებების გათვალისწინებით, მძღოლს ჯარიმა, მართვის უფლების ჩამორთმევა ან ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქრება.

ამავე საკანონმდებლო ცვლილებით ახლებურად დარეგულირდა 191-ე მუხლიც, რომელიც უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ქვეყანაში ყოფნისა თუ ტრანზიტის წესების დარღვევას ეხება. ქვეყანაში ყოფნის ვადის გადაცილებისთვის დაკისრებული ჯარიმების, შესვლის აკრძალვის ან ტრანზიტის დარღვევის გამო გამოწერილი ოქმის გასაჩივრებაც აღარ გამოიწვევს სანქციის აღსრულების შეჩერებას საჩივრის განხილვის დასრულებამდე.