სამოქალაქო აქტივისტმა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ხასაია ამბობს, რომ იმას გააკეთებს, რასაც პატიმრობამდე აკეთებდა, პირობითი სასჯელი და შესაძლო რისკები არ აშინებს.

"ზუსტად 30 სექტემბერს დამაკავეს. აი, 30-მდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან. არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, არაფრის კორექტირებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ პირობითი სასჯელი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ ისევ შემაბრუნონ, მაგრამ არ მინდა ციხის რომანტიზება, თუმცა ჩემს თავში იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის ის, რასაც ვაკეთებ, ამის გამო არ ვაპირებ, რომ ან ფორმიდან გავიდე, ან სახლში დავიმალო, ან რაღაც სხვა საქმე მოვძებნო.

ეს უკვე არის ღიად ოპოზიციონერის და ქართული ოცნების რაღაც ჯახი, სკოლები, ბაღები... ყველა სფეროს შეეხო თითქმის და ადამიანი, რომელიც იძახდა, რომ "მე აპოლიტიკური ვარ", შეიძლება მოუწიოს ქუჩაში გამოსვლა, გაპროტესტება. და როცა ჩვენ ხშირად ვამბობდით და დაგვცინოდნენ ხოლმე, რომ "ეს ყველას შეეხება" და ვერ იაზრებდნენ მის შინაარსს, აი, ახლა ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ ის კანონი, რომელიც ეხებოდა "რუსთაველის [პროტესტის] ხალხს", გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც, მაგალითად, სკოლის არდანგრევას ითხოვენ თუ ასე შემდეგ", — განაცხადა გელა ხასაიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

გელა ხასაია 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად განზრახ მიაყენეს ნაკლებად მძიმე დაზიანება რამაზ ჩადუნელს. ბრალი თავდაპირველად სხვა ფორმულირებით იყო წარდგენილი, შემდეგ კი დაკვალიფიცირდა როგორც ჯგუფურად ჩადენილი ნაკლებად მძიმე ფიზიკური დაზიანების განზრახ მიყენება — სასჯელი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

2026 წლის 8 მაისს ხასაიამ და ქერდიყოშვილმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს — ორივემ დანაშაული აღიარა და სასჯელად 1 წლით პატიმრობა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. ერთწლიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ხასაიამ დღეს, 29 სექტემბერს, ციხე დატოვა.

ხასაია თავად ბრალდებას არ ეთანხმებოდა და მისი ადვოკატის განმარტებით, საპროცესო შეთანხმება მისთვის მძიმე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება იყო. ადვოკატის თქმით, შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში ხასაიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, რადგან საქმეში სხვა ბრალდებულის მხრიდან მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის საფრთხე არსებობდა.