საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის შემცირებისა და პრევენციის შესახებ ტექნიკურ სახელმძღვანელოს ამზადებს, რომლის შემუშავების პროცესშიც ინფორმაციას იღებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ორგანიზაციის განცხადებით, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ყოველ 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარია. 2025 წლის ბოლოს საქართველოში პატიმართა/თავისუფლებააღკვეთილ პირთა საერთო რაოდენობა 11 153-ს შეადგენდა.

ფოტო: საია

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს საქართველოში პატიმართა/თავისუფლებააღკვეთილ პირთა საერთო რაოდენობა 11 153-ს შეადგენდა. ორგანიზაციის განცხადებით, წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი გარკვეულ მერყეობას განიცდიდა. 2012 წლისთვის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა, რაც დაკავშირებული იყო მასობრივ ამნისტიასთან. 2024 წლიდან, ასევე, შესამჩნევია პატიმართა საერთო რაოდენობის ზრდა.

საია-ს განმარტებით, ციხის პოპულაციის საერთო რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებების საერთო ტევადობას არ აღემატება, მაგრამ 4 ცალკეულ დაწესებულებებში ლოკალური გადატვირთულობა შეინიშნება, რასაც 2025 წლის CPT-ს ანგარიშიც ადასტურებს. საქსტატის მონაცემებით, 14 დაწესებულებიდან 4-ში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.

ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პატიმრობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ აღკვეთის ღონისძიებას წარმოადგენს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა აღკვეთის ღონისძიებას შორის პატიმრობის წილი მცირედით შემცირდა, მაგრამ სტატისტიკური მონაცემები ბოლო წლებში მისი გამოყენების შესამჩნევ ზრდაზე მიუთითებს.

ანგარიში სრულიად იხილეთ აქ.