ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, ირანის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის გამოსახულებით განათდა. მისი თქმით, მისთვის ქეთევანის გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება და ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებაც დღემდე განსხვავებული ისტორიები არსებობს.

ელჩი აცხადებს, რომ მალე გააზიარებს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომელიც დედოფალ ქეთევანსა და ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს შეეხება.

მისი თქმით, ეს არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც ქეთევანის შესახებ საბოლოო პასუხის პრეტენზია — ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

ელჩი წერს, რომ მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება შესაძლოა წარსულში დაბრუნებაზე მეტად, ქართველებისა და ირანელების ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება გახდეს.

"დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.

ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.

წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს", — დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელში.

ისტორიული წყარეოებით, ქეთევან დედოფალი იყო კახეთის მეფე დავით I-ის მეუღლე და მეფე თეიმურაზ I-ის დედა. 1605–1614 წლებში, როცა თეიმურაზი მცირეწლოვანი იყო, ფაქტობრივად კახეთის რეგენტი და მმართველი იყო. 1614 წელს იგი ირანის შაჰ აბას I-თან მძევლად წავიდა, რათა კახეთი ირანის შემოსევისგან დაეცვა, თუმცა საბოლოოდ შირაზში წლების განმავლობაში ტყვეობაში დარჩა. შაჰ აბას I-მა მას ქრისტიანობის უარყოფა და ისლამის მიღება მოსთხოვა. უარის შემდეგ, 1624 წელს, შაჰის ბრძანებით ქეთევანი აწამეს და მოკლეს.