ისტორიკოსი გიორგი ჯავახიშვილი საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ქეთევან დედოფალზე საკუთარი კვლევის შედეგებს მალე გამოაქვეყნებს და "ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე".

ისტორიკოსი გიორგი ჯავახიშვილი ირანის ელჩის, ალი მოუჯანის განცხადებას აკრიტიკებს. მისი თქმით, ელჩი საქართველოში დიპლომატიური მანდატით იმყოფება და არა სამეცნიერო მივლინებით, ხოლო ქეთევან დედოფლის ისტორიის საკუთარი ინტერპრეტაციით დიპლომატიურ ეტიკეტსა და ისტორიის კვლევის მეთოდოლოგიასა და ეთიკას უგულებელყოფს. ჯავახიშვილი წერს, რომ ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრული ისტორიული ფაქტია, რომლის ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენება, მისი შეფასებით, დაუშვებელია.

"ალი მოუჯანი საქართველოში წარმოადგენს ირანის ისლამურ რესპუბლიკას. ის იმყოფება დიპლომატიური მანდატით და არა სამეცნიერო მივლინებით. ელჩი მოუჯანი არღვევს არამხოლოდ დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით, არამედ როგორც ისტორიის მაგისტრი, უგულებელყოფს ისტორიის კვლევის მეთოდოლოგიასა და ეთიკას. დედოფალ ქეთევანის მოწამებრივი აღსასრული არის ფაქტი, ისეთივე ცხადი და ცალსახა, როგორც მაგალითად XX საუკუნეში ჰოლოკოსტის დროს დაღუპული მილიონობით ადამიანის ისტორია", — წერს გიორგი ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, ირანის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის გამოსახულებით განათდა. მისი თქმით, მისთვის ქეთევანის გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება და ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებაც დღემდე განსხვავებული ისტორიები არსებობს.

ელჩი აცხადებს, რომ მალე გააზიარებს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომელიც დედოფალ ქეთევანსა და ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს შეეხება.

მისი თქმით, ეს არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც ქეთევანის შესახებ საბოლოო პასუხის პრეტენზია — ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

ელჩი წერს, რომ მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება შესაძლოა წარსულში დაბრუნებაზე მეტად, ქართველებისა და ირანელების ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება გახდეს.