დიდი ხანია, ქართველ მსმენელს სოციალურ კალენდარში არ ჩაუნიშნავს თარიღი, რომელსაც ასე ელოდებოდა: 25-26 სექტემბერს თბილისის ინდუსტრიულ სივრცეში ჯგუფ Quemmekh-ისა და რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის კოლაბორაციული ლაივ-შოუ გაიმართა.

ფოტო: ნინო დიაკონიძე / On.ge

"UNBURNED — ადგილი, სადაც მუსიკა და თეატრი ერთიანდება" — თავიდან მაყურებლებმა ლაივ-შოუს შესახებ მხოლოდ ეს ვიცოდით. იდეაში, მოლოდინი ამ "სპოილერით" არ ყოფილა გამოწვეული; ქართულ სცენას მსგავსი კონცეფციის (მცდელობა) მრავალჯერ უნახავს. დიდი მოლოდინი იმანაც განაპირობა, რომ მსმენელს უკვე რა ხანია, Quemmekh-ის ლაივ-შოუ გვენატრებოდა. ასევე, დიდი ხანია, ჯგუფის სახელი ფესტივალების ლაინ-აფში აღარ შეგვხვედრია — და, მგონი, ღირდა ამ მონატრებად ეს ლაივ-შოუ.

სიმბოლიზმი, სიმბოლიზმი და სიმბოლიზმი

ფოტო: ნინო დიაკონიძე/On.ge

სანამ აბსტრაქტული რეფერენსების მოყვანას განვაგრძობ და სიმბოლოების ამოცნობის უნარით თავს მოვიწონებ, მინდა, ერთი რამ აღვნიშნო — ლაივ-შოუზე შემთხვევით რომ მოხვედრილიყავი და Quemmekh-ის მსმენელიც არ ყოფილიყავი, სადღაც მაინც იპოვიდი შენს სათქმელს და იმას, რაზეც უკვე მრავალჯერ გიფიქრია და გიდარდია. და თუ არც გიდარდია, ნანკა კალატოზიშვილის "ვინ ვინ არის" კოსტიუმის "რივეალით" მაინც გაერთობოდი. სამწუხაროდ, შოუბიზნესის ეს ვარსკვლავური გადაცემა დასრულდა და გურამ მაცხონაშვილმა კიდევ ერთხელ გაჩუქა ამ სიამოვნების შეგრძნების შესაძლებლობა.

აქვე დავძენ: სიმბოლიზმზე საუბრისას ჩემს სუბიექტურ აღქმას ვეყრდნობი და დარწმუნებული ვარ, ლაივ-შოუს არტ-დირექტორის გათვლაც ეს იყო — თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალურად აღგვექვა თითოეული დეტალი

ორი სცენა და ერთი ხიდი

თუ სხვა ლაივ-შოუების ან ფესტივალების დროს განსაკუთრებით მოწადინებული მსმენელი დათქმულ დროზე ადრე მიდიოდა, რათა სცენასთან ახლოს ადგილები დაეკავებინა, ასეთმა პრაქტიკამ ამ შემთხვევაში არ გაამართლა. ლაივ-შოუზე ერთი სცენა Quemmekh-ის წევრებს, ხოლო მეორე თეატრალურ ნაწილს დაეთმო; მათ კი ერთი ხიდი აკავშირებდათ. მთელი შოუს განმავლობაში არ იცოდი, საით გქონოდა ყურადღება მიმართული (ეს ტექნიკური ნაწილის კრიტიკა არ არის — ასეც უნდა ყოფილიყო), რადგან ორივე სცენაზე პარალელურად მიმდინარეობდა მოქმედება. ამან ჩვენი ბოლო წლების ყოფა გამახსენა: როგორ არის მუდმივად გაფანტული ჩვენი ყურადღება და აღარ ვიცით, რომელ ახალ ამბავს თუ რომელ ტრაგედიას ვადევნოთ თვალყური — იმდენი დაგროვდა…

ფოტო: ნინო დიაკონიძე/On.ge

Secret Guest და პოლიტიკური მესიჯები

Quemmekh-ის ლაივი რომ პოლიტიკური იქნებოდა, ამას თქვენი Spotify-ის ფლეილისტიც გეტყოდათ, ამიტომ დროს არ დავუთმობ ცხადზე ცხად მესიჯბოქსებს. ლაივ-შოუს უდიდესი მოლოდინი Secret Guest იყო. ვერც დავთვლი, კონცერტამდე რამდენი ვერსია მოვისმინე იმის შესახებ, თუ ვინ იქნებოდა სტუმარი. ჩვენი გაოცებაც გამართლდა: ჩვენ წინაშე ქართული სცენისთვის ასევე მონატრებული სოფო ნიჟარაძე წარსდგა — ქართლის დედის თასიდან, შავი აბჯრის სტილში შექმნილ კოსტიუმში. რაღა თქმა უნდა, მან შეასრულა ტრეკები: Dedofali, Otobaia და Ar Daijereb.

ფოტო: ნინო დიაკონიძე/On.ge

მიუხედავად იმისა, რომ სხვა სტუმრები ჩვენთვის უკვე ნაცნობები იყვნენ, არ შემიძლია არ გამოვყო მსახიობ ნინო კასრაძისა და სანდრო ქერაულის მონოლოგი, რომელშიც შაბლონური ხელოვნების მაგივრად, ხელოვნების ჯანსაღი თვითირონია ვიხილეთ.

ფოტო: ნინო დიაკონიძე / On.ge

ასევე წარმოუდგენელი იყო, წამით მაინც მოგედუნებინა ყურადღება — იმდენად ცოცხალი და დინამიკური იყო შოუ. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ ეს არ ყოფილა რიგითი მცდელობა კულტურის სხვადასხვა სფეროს გაერთიანებისა: თითქმის ყველა ტრეკს — იქნებოდა ეს Amerikuli თავისი ჩირლიდერებით (რომლებიც ამერიკული კულტურის განუყოფელი ნაწილია), თუ ბიბლიურად კაცობრიობის პირველი მკვლელობის, აბელისა და კაენის ბრძოლის გათამაშება (ლურჯ და წითელ ფერებში შემოსილი) — თავისი განსაკუთრებული დადგმა ახლდა.

გარდა პოლიტიკური შინაარსისა, Quemmekh დისკოგრაფიითაც მრავალფეროვანია და ამის დაბალანსებაც შეძლეს. Anubisi da Mweveli-ისთვის მოწყობილი მოშპიტისა და Titebi-ს დროს ნაგრძნობი ადრენალინის მოწოლის შემდეგ, ყველასთვის ნაცნობი Shen ბავშვთა კამერულმა გუნდმა შეგვისრულა და ყველას ის ადამიანი გაგვახსენდა, ვინც ამ მუსიკის მოსმენისას გვახსენდება ხოლმე.

მსმენელები იმდენად ვიყავით ლაივ-შოუს ტემპში ჩართული, რომ ცოტა ხნით გაურკვევლობაშიც კი აღმოვჩნდით — მართლა დასრულდა თუ არა კონცერტი ტრეკით Sakartvelo და უნდა დაგვეტოვებინა თუ არა დარბაზი.

ის განცდა, რომ მსმენელს ლაივ-შოუ არ გვეყო და კიდევ გვინდოდა გაგრძელებულიყო, არ მაძლევს იმის უფლებას, დავწერო: "ხშირად ჩატარდეს ასეთი ლაივ-შოუები-მეთქი". არა, ამ ლაივ-შოუს ხიბლიც სწორედ ეს იყო — ერთფეროვანი მუსიკალური ივენთებისგან ჩვენი გადახალისება და იმ სასიამოვნო განცდის დატოვება, როცა ჯგუფი უკვე გენატრება და ახალ ლაივსაც მოუთმენლად ელოდები.