საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), შპს "დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს", იგივე Yandex-ის საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო.

როგორც სააგენტო იტყობინება, საჩივარი ეხება Wolt-ისა და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს, რომლებიც, მომჩივნის შეფასებით, შესაძლოა კონკურენციის წესებს არღვევდეს და სხვა კომპანიებისთვის ბაზარზე საქმიანობას ართულებდეს.

მომჩივნის განცხადებით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან გაფორმებული აქვთ ისეთი შეთანხმებები, რომლებიც მათ სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უზღუდავს. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა ახალი პლატფორმების ბაზარზე შესვლას ართულებს და შესაძლოა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლს არღვევდეს.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო შეაფასებს, დაირღვა თუ არა აღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

ონლაინ პლატფორმები მომხმარებლებს მზა საკვების, სურსათისა და სხვა პროდუქტების შეკვეთისა და მიღების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს — საკუთარი პროდუქციისა და შეთავაზებების განთავსების საშუალებას.

ამ დროისათვის GCCA ოთხ საკითხზე ახორციელებს მოკვლევას.