საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსების მიერ უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაბომბვას X-ზე გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ეს დარტყმები რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებისა და სიძულვილის ახალი გამოვლინებაა მეცნიერებისა და სიმართლის მიმართ.

"ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა უკრაინის უდიდესი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაბომბა.

ეს დარტყმები რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებისა და სიძულვილის ახალი გამოვლინებაა მეცნიერებისა და სიმართლის მიმართ.

ისინი კიდევ უფრო ამძაფრებენ იმ ყოველდღიური თავდასხმების ბარბაროსობას, რომლებიც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებს.

ჩვენ ვიზიარებთ მსხვერპლთა და მათი ოჯახების ტანჯვას. საფრანგეთი და ევროპა იმდენ ხანს დაუდგებიან გვერდით უკრაინელ ხალხს, რომელიც მტერს გმირულად უწევს წინააღმდეგობას, რამდენიც საჭირო იქნება", — დაწერა მაკრონმა.

ცნობისთვის, 28 სექტემბერს რუსული დრონი კიევის ცენტრში მდებარე უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას დაეცა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, ანატოლი ზაგოროდნის თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც შენობაში ბევრი თანამშრომელი იმყოფებოდა. დამწვარი შენობის წინ მდგომმა ზაგოროდნიმ თქვა, რომ არ იცის, რატომ გახდა რუსეთის სამიზნე სამეცნიერო კვლევების წამყვანი ცენტრი.