ნორვეგია უკრაინიდან რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების ძებნისა და დაბრუნების, ასევე სამხედრო ტყვეებისა და თავისუფლებააღკვეთილი მშვიდობიანი მოქალაქეების დახმარების მიზნით 25 მილიონი კრონი (2.3 მილიონ ევროს) გამოყოფს. თანხები UNICEF-ისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გავლით დაიხარჯება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ეს სახსრები ხელს შეუწყობს დაკარგული პირების ძებნას, მეტი ადამიანის სახლში დაბრუნებას, ასევე ომით დაზარალებულთა რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას.

15 მილიონი კრონი გამოიყოფა UNICEF-ის საქმიანობისთვის, რომელიც უკრაინაში დაბრუნებული დეპორტირებული ბავშვების რეინტეგრაციასა და დაკარგული ბავშვების ძებნას ისახავს მიზნად. ეს უკრაინაში UNICEF-ის ჰუმანიტარული პროგრამისთვის გამოყოფილი ახალი, უფრო დიდი, საერთო ჯამში 132 მილიონი კრონის დახმარების ნაწილია.

დამატებით 10 მილიონი კრონი გამოიყოფა წითელი ჯვრის ცენტრალური სამძებრო სააგენტოსთვის. ამ სააგენტოს მიზანია ძალდატანებითი გაუჩინარების პრევენცია და იმ ოჯახების ტანჯვის შემსუბუქება, რომლებსაც ახლობლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ — იმის გამო, რომ ისინი დაატყვევეს, მოკლეს, ანდა ომის გამო საკუთარი სახლებიდან გაიქცნენ და კავშირი გაწყდა.