გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრი ტატა ხვედელიანი უფასო სასკოლო კვების ინიციატივის დახარვეზებას ეხმაურება. ხვედელიანის განმარტებით მმართველი პარტიის შემოთავაზებული განათლების რეფორმა ყველაფერს "ითვალისწინებს გარდა იმისა, რაც ბავშვებს მართლაც სჭირდებათ: ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, სასკოლო უფასო კვება".

ხვედელიანის მოსაზრებით, უფასო კვების კანონპროექტის დახარვეზება იმის მაგალითია, რომ "ხალხის ბიუჯეტში ყველაფრისთვისაა ფული, გარდა ხალხის საჭიროებებისა".

"განათლების რეფორმა, რომელიც კობახიძემ მოიფიქრა, ყველაფერს ითვალისწინებს გარდა იმისა, რაც ბავშვებს მართლაც სჭირდებათ: ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, სასკოლო უფასო კვება — ეს სჭირდება დღეს ჩვენს მოსახლეობას.

წინა კვირას 35 000 ხელმოწერით დადასტურებული სასკოლო უფასო კვების პროექტი კიდევ ერთხელ დაბლოკეთ.

ხალხის ბიუჯეტში ყველაფრისთვისაა ფული, გარდა ხალხის საჭიროებებისა. თქვენთვის მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის, სკოლებისა და ბაღების ასაშენებლად, მარჩენალდაკარგული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ასევე დევნილი ბავშვებისთვის დახმარების გასაზრდელი ფული არ მოიპოვება.

გასულ კვირას კიდევ ერთხელ დავინახეთ, რას ნიშნავს, როდესაც უწყებებს დაკარგული აქვთ ანგარიშვალდებულება და ისინი არ ემსახურებიან ხალხს და ემსახურებიან მხოლოდ პარტიულ ინტერესებს.

100-ზე მეტი ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული და მაშინ, როდესაც სახელმწიფო უწყებებს მყისიერად უნდა მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის განახლებული ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დღემდე ვერ მიგვიღია პასუხები შეკითხვებზე და დღემდე არ ვიცით, რა მოუვიდათ ბაღის ბავშვებს. თუ დაადგინეთ მიზეზი და მალავთ.

დღეს ერთი პრობლემაა ძვირადღირებული პროდუქტი, ხოლო მეორე პრობლემა — რაში იხდის მოსახლეობა გაზრდილ ფასს. რეალურად რას ჭამენ დღეს ჩვენი ბავშვები? სურსათის უვნებლობა თქვენ ქვეყანაში, თქვენი აგრესიული უვიცობით ფაქტობრივად გააუქმეთ.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბავშვების უსაფრთხოება ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი.

დღეს საქართველოში არსებობენ ოჯახები, რომლებიც ბავშვებს ბაღში იმიტომ უშვებენ, რომ ბავშვმა ხორცპროდუქტი და რძის ნაწარმი მიიღოს. თქვენი გუნდისთვის მხოლოდ ბაღის ბავშვების საკვების ფულის მოპარვა არ აღმოჩნდა ერთადერთი დანაშაული: თქვენ ვერ უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება," — თქვა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხვედელიანმა [პუბლიკა].

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს პარლამენტმა უფასო სასკოლო კვების შესახებ წარდგენილი კანონპროექტი ინიციატორებს უკან დაუბრუნა. მიზეზი საბიუჯეტო ოფისის დასკვნა გახდა, რომლის თანახმად, არანაკლებ 25 000 მოქალაქის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას თან არ ახლდა სავალდებულო ფინანსური დასაბუთება და საორიენტაციო ხარჯები.