თბილისის 21-ე საჯარო სკოლის დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის ღირებულება 506 281 ლარია.

როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაში წერია, აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების გამარტივებულად შესყიდვა, ვინაიდან რადგან შენობა სარეაბილიტაციოა და სწავლა იქ 28 სექტემბერს განახლდა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეკომენდაციაა, რომ სამუშაოები უმოკლეს ვადაში ჩატარდეს.

ცნობისთვის, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლებს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის განახლებიდან რამდენიმე დღეში უთხრეს, რომ სკოლის შენობა უნდა დახურულიყო და დანგრეულიყო, რასაც მოჰყვა პროტესტი. 24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლის შენობას წელს აღარ დაანგრევდნენ და იქ სასწავლო პროცესს განაახლებდნენ. თუმცა, უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რაც რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელდეს.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებით, ვინაიდან ქ. თბილისის 21-ე სკოლის შენობა არ არის ავარიულ მდგომარეობაში, მის სრულმაშტაბიან გამაგრებარეაბილიტაციასთან, ან დემონტაჟთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელია მისი დროებითი ექსპლუატაცია.

"სასწავლო პროცესის განახლებამდე საჭიროა მოხდეს დასკვნაში მითითებულ ფასადებზე არსებული დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გადაუდებელი გასუფთავება, რის შემდეგაც გამოირიცხება ბათქაშის ფრაგმენტების ჩაამოვარდნით მოსწავლეებისა და პერსონალის დაზიანება და სკოლის შენობის დროებითი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ იქნება. ასევე რეკომენდირებულია ფასადის გაშიშვლებული ადგილები შეილესოს, ხოლო სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები (მათ შესაძლო პროგრესირებაზე მონიტორინგის მიზნით) შეივსოს მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით და სკოლის დროებითი ექსპლუატაციისას განხორციელდეს მათზე მუდმივი დაკვირვება", — წერია ბიუროს მიერ განათლების სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში.