საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა", თბილისის "ნიკე ლუსოსთან" გასამართი მატჩი პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად შეწყვიტა. შეხვედრის დაწყებისთანავე ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა ბურთი მოედნის გარეთ გადააგდეს, გამოფინეს ბანერი წარწერით — "მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის მხარდამჭერია" — და მოედანი დატოვეს. ინფორმაციას "მონიტორი" ავრცელებს.

ამ ფორმით კლუბმა მხარდაჭერა გამოუცხადა ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც კლუბის ცნობით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. ბრალდების თანახმად, სპორტსმენი 2025 წლის დეკემბერში "ნიკე ლუსოს" მფლობელმა, თურქმა ბიზნესმენმა მეჰმეთ უიარმა გააუპატიურა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი 9 თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ, ის გასულ კვირას უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა. თავად დაზარალებულის განცხადებით, ბრალდებულის მხარე დუმილის სანაცვლოდ ნახევარ მილიონს სთავაზობდა. მან უკვე გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ "ლანჩხუთი" ერთადერთი კლუბია, რომელმაც ძალადობის მსხვერპლს საჯაროდ დაუჭირა მხარი.

თამაშამდე, ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც კლუბი წერს, რომ ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამოღების გარეშე თამაში მიუღებელია, რადგან მათი მოწინააღმდეგე "ნიკე-ლუსო" წარსულში არაერთ მძიმე ფაქტშია მხილებული. კლუბის ცნობით, გასული წლის სექტემბერში ამ გუნდის თანამშრომლებმა და ფანებმა "ლანჩხუთის" წევრებზე ფიზიკურად იძალადეს, მოგვიანებით კი "ნიკე-ლუსოს" გასახდელებში ფარული ვიდეოკამერები აღმოაჩინეს, სადაც არასრულწლოვანი ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მიმდინარე წლის იანვარში სექსუალური ძალადობის ბრალდებით სწორედ ამ კლუბის პრეზიდენტი დააკავეს.

"საგანგებო განცხადება!

ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!

თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული.

სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.

ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.

და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.

ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!", — წერია განცხადებაში.