თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ თბილისში, ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რომ ირანის ელჩი მსგავსი განცხადების გაკეთებას ვერ გაბედავდა "ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს". ცუცქირიძემ ასევე აღნიშნა, რომ "სხვისი ისტორიის რევიზიის უფლება არავის აქვს, მით უფრო რეჟიმს, რომელიც საკუთარ ხალხს უმოწყალოდ უსწორდება"

"ვერც ერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს.

ქეთევან დედოფლის შესახებ "განსხვავებული ისტორიები," როგორც ის ამბობს, არ არსებობს. არსებობს ერთი ისტორია და ის ყველა ქართველმა იცის.

სხვისი ისტორიის რევიზიის უფლება არავის აქვს, მით უფრო რეჟიმს, რომელიც საკუთარ ხალხს უმოწყალოდ უსწორდება.

დიპლომატის საქმე ისტორიის გადაწერა არაა და ირანის ელჩმა სჯობს საკუთარი კვლევები კერძოდ შეინახოს ან დიპლომატიას შეეშვას", — დაწერა ლევან ცუცქირიძემ.


ცნობისთვის, ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის ქეთევანის გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება და ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებაც დღემდე განსხვავებული ისტორიები არსებობს.

ელჩი აცხადებს, რომ მალე გააზიარებს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომელიც დედოფალ ქეთევანსა და ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს შეეხება.

მისი თქმით, ეს არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც ქეთევანის შესახებ საბოლოო პასუხის პრეტენზია — ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

ელჩი წერს, რომ მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება შესაძლოა წარსულში დაბრუნებაზე მეტად, ქართველებისა და ირანელების ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება გახდეს.