საქართველოს პროკურატურამ კახეთში ჯგუფური თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულები ცდილობდნენ, ყალბი ცნობების გამოყენებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის ღვინის ქარხანაში 20 ტონაზე მეტი არაკონდიციური (დაბალი შაქრიანობის) ყურძენი ჩაებარებინათ, რითაც სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლებას ცდილობდნენ. ბრალდებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"საქართველოს პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.